ENG

სასამართლო სისტემის მდგომარეობის შეფასება (ოქტომბერი 2012-აგვისტო 2016)

20 სექტემბერი, 2016

 

თბილისი, 2016 წლის 20 სექტემბერი - დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორცილებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს აფასებს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის ოქტომბრიდან  2016  წლის აგვისტოს ბოლომდე პერიოდს და როგორც დადებით ისე უარყოფით ტენდენციებს ასახავს.  

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემა გარკვეული მიმართულებებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:

  • განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. მართლმსაჯულების რეფორმის „პირველი და მეორე ტალღის” განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, კერძოდ:

1. დაიხვეწა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის;

2.გაიზარდა მოსამართლეთა კონფერენციის ფუნქციები, რამაც მოსამართლეთა თვითმმართველობისა და ინდივიდუალური მოსამართლის როლის ზრდა გამოიწვია;

3.გადანაწილდა კონკრეტული ინსტიტუტების ხელში თავმოყრილი გაუმართლებლად ფართო ძალაუფლება. მაგალითად მნიშვნელოვნად შეიზღუდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, შეიზღუდა ადმინისტრაციული კომიტეტის როლი და უფლებამოსილებები და სხვა.

4. გაიზარდა სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობა, დასაშვები გახდა სასამართლო სხდომების აუდიო/ვიდეო ჩაწერა.

  • მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებათა მაჩვენებელი. მაგ. ადმინისტრაციულ საქმეების მონიტორინგმა აჩვენა რომ, 2012 წელს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდა დავათა 79%, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 53%-მდე შემცირდა.

  • შემცირდა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებით სახედ მხოლოდ პატიმრობის გამოყენების ტენდენცია.

  • შემცირდა სახელმწიფო მხარის/პროკურატურის შუამდგომლობების დაუსაბუთებლად დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.

  • გაიზარდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი. მაგალითად, სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობისა და სხდომების გაშუქების მიმართულებებით.

მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებისა უკანსკნელი 4 წლის მანძილზე გამოვლინდა არაერთი საგანგაშო პრობლემაც, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში დღემდე არსებობს:

  • ამოქმედდა მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი, რომელიც მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს სასამართლო დამოუკიდებლობისათვის. ასევე დაყოვნებით და შეფერხებით მიმდინარეობს მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღა”;

  • გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის მიმართულებით. სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბდა მოსამართლეთა ჯგუფი, რომელსაც აქვს ეფექტური ბერკეტები ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და არ არის შემწყნარებელი გამოთქმული კრიტიკის მიმართ. მსგავსი ვითარება, სერიოზულ ეჭვებს აჩენს მოსამართლეთა კორპუსში კლანური მმართველობის შესახებ, რაც ძირს უთხრის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.

  • გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესში. ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია იუსტიციის საბჭოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის ბუნდოვანებით, რაც საბჭოს აძლევს იმის ბერკეტებს, რომ გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი წესით მიიღოს გადაწყვეტილებები და მეორე მხრივ, იმით რომ საბჭომ ვერ უზრუნველყო  კარგი პრაქტიკის დამკვიდრება.

  • რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მათ შორის, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის, ე.წ.  კაბელების საქმისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმესთან დაკავშირებით.

  • გამოვლინდა წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევა. თბილისის ყოფილი მერი,  გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტი ისე იმყოფებოდა, მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა დამდგარი. გიგი უგულავას მიმართ განხორციელებული ქმედებათა ქრონოლოგია და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე საკანონმდებლო ხარვეზის ბოროტად გამოყენება პროცესის პოლიტიკური მოტივებით წარმართვაზე მიანიშნებდა.

  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არასრულფასოვანი რეფორმა. მოწმეთა დაკითხვის პროგრესული წესის უარყოფა და ადვოკატის უფლებების ზრდაზე უარის თქმა, რამაც მთლიანობაში შეჯიბრობითობის პრინციპს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ვერ იქნა უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველ თვეებში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პოზიტიური განცხადებებით გამოირჩეოდნენ, თუმცა ამგვარი რიტორიკა მალევე შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ. ამას მოჰყვა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელ კანონმდებლობაშიც, რომლითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის ინტერესები.