საპრეზიდენტო არჩევნების შეჯამება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპრეზიდენტო არჩევნების შეჯამება

28 ოქტომბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საპრეზიდენტო არჩევნებს 370 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 330 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი და 73 საარჩევნო ოლქიდან 66 დაფარეს. უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს. დღის განმავლობაში მობილური ჯგუფები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმ უბნებს, სადაც პრობლემები წარმოიშვებოდა.

1. ზოგადი შეფასება

საარჩევნო პროცესი დღის განმავლობაში ძირითადად მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა. ჩვენს დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არც ერთი ფაქტი. პოლიტიკური პარტიის წევრებისა და აქტივისტების მხრიდან არ ყოფილა ამომრჩევლებზე პირდაპირი ზეწოლა. პოზიტიურ შეფასებას საჭიროებს ის, რომ ე.წ. სპეცუბნები მხოლოდ სპეციალური რეჟიმის ქვეშ მყოფი სამხედრო თუ პოლიციის თანამშრომლებისთვის იყო გახსნილი და მათში მხოლოდ ყაზარმულ მდგომარეობაზე მყოფი მოსამსახურეები იღებდნენ მონაწილეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისია და მათი წარმომადგენლები ძირითადად ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს. დარღვევების უმრავლესობა პროცედურული ხასიათის იყო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე მეტყველებს. მთლიანობაში დარღვევებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ უნდა ჰქონოდა.

ყველაზე მეტი დარღვევა საარჩევნო დღის დასაწყისში დაფიქსირდა. ბოლოსკენ დარღვევების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. მთლიანობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-მდე ყურადსაღები პროცედურული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენმა დამკვირვებლებმა სულ 36 საჩივარი დაწერეს.

 

 

2. ხმის მიცემის პროცესი

ხმის მიცემის პროცესისას შემდეგი მნიშვნელოვანი დარღვევები შეიძლება გამოიყოს:

დამკვირვებლების არ შეშვება უბანზე  

  • დღის დასაწყისში ორ უბანზე არ შეუშვეს ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები - საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანი.

მარკირების პროცედურების დარღვევით ხმის მიცემის შემთხვევები

  • მარნეულის საარჩევნო ოლქის 59-ე და ჭიათურის 32-ე უბნეზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას.
  • მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-2 უბანზე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის 2 წარმომადგენელი გამოცხადდა და მარკირების პროცედურების უგულებელყოფით მისცეს ხმა.
  • ქუთაისის საარჩევნო ოლქის მე-8, 35-ე და 112-ე უბნებზე 30-მდე ისეთმა პირმა მისცა ხმა, რომელთაც ხელზე უკვე აღენიშნებოდათ მარკირება.
  • სამგორის საარჩევნო ოლქის 54-ე უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი და მაინც გამოიყენა ხმის მიცემის უფლება.

ხარვეზიანი სიები

  • ბათუმის საარჩევნო ოლქის მე-8, 51-ე და 72-ე უბნებზე 300-მდე ამომრჩეველმა საკუთარი თავი ვერ იპოვა საარჩევნო სიაში.

ხმის მიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე

  • ქუთაისის საარჩევნო ოლქის 112-ე და 120-ე უბნებზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაბამისი მოწმობის გარეშე მისცეს ხმის მიცემის საშუალება;
  • ქუთაისის საარჩევნო ოლქში 120-ე უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის ქსეროასლით მიაცემინეს ხმა.

ბეჭდების პრობლემა

  • ბეჭედისთვის ნაკვეთურების არგაკეთების ორი ფაქტი დაფიქსირდა   ბოლნისის საარჩევნო ოლქის 62-ე უბანსა და  მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე.   

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

  • გურჯაანის საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე 28 ამომრჩეველს არ დაუკმაყოფილდა გადასატანი ყუთის მოთხოვნა და მათ არ ეცნობათ ამის შესახებ. შედეგად, ამ მოქალაქეებმა ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა.
  • თელავის საარჩევნო ოლქის 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გაატანეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა. უცნობია საიდან მოხვდა ეს მოწმობები კომისიის ხელში.

საარჩევნო პროცესის დროებითი შეფერხება

  • მცხეთის საარჩევნო ოლქის 33-ე უბანზე ხმის მიცემა დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერდა და უბანი დაიკეტა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კომისიის წევრები აგვარებდნენ გადასატან ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ადგენდნენ სიას.
  • ვაკის საარჩევნო ოლქში მე-80 სპეციალურ უბანზე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტი), საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადოდ დალუქული და გარკვეული ხნით შეჩერდა ხმის მიცემის პროცესი. 

ხმების დათვლა

ხმის დათვლის პროცედურა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ბევრ უბანზე ხელმოწერებისა და ბიულეტების რაოდენობას შორის გარკვეული შეუსაბამობა ფიქსირდებოდა. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა: დუშეთის 53-ე, დედოფლისწყაროს მე-6, ოზურგეთის მე-2 და კასპის 1  უბნებზე. 

არჩევნების შედეგები

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ მიერ დაფარული 330 უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საარჩევნო სუბიეტებს შორის ხმების შემდეგნაირად გადანაწილდა: 

 

რეკომენდაციები

მომავალში საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, ვფიქრობთ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს რეკომენდაცია.

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ადგილებზე კომისიის წევრების შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში;
  • ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საარჩევნო სიების დასახვეწად;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ეცადოს, რომ საარჩევნო უბნები მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ყველა ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობების ამომრჩევლისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უბანი შენობების მეორე სართულზე მდებარეობდა, რაც ბევრი ამომრჩევლისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

print
elections