საპარლამენტო არჩევნები – ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპარლამენტო არჩევნები – ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება

03 თებერვალი, 2010

არჩევნების შეფასებისა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებისათვის, მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სამართლიან და მშვიდ ვითარებაში წარმართვა. მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციურ ძალებს, პროცესში ჩართულ ყველა სხვა სუბიექტს და საზოგადოებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენილ დარღვევებთან და ხარვეზებთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვისას, მხარეებმა თავი შეიკავონ პროტესტის აგრესიული ფორმებისაგან, მათ შორის:

    • სხვადასხვა დონეებზე საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელისუფლებლო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შენობების და პოლიტიკური პარტიების შტაბების ბლოკირებისა და
    • საარჩევნო ადმინისტრაციაზე, დამკვირვებლებზე, პარტიების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობისგან.
    ამასთან, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციური უფლების პატივისცემა და შეუზღუდავი განხორციელების გარანტიების შექმნა, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეები გააცნობიერებენ მათ წილ პასუხისმგებლობას და იმოქმედებენ შესაბამისად.

„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” (nGnI)„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI Georgia)„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (GYLA)საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG)

print
elections