ENG

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა კანონის მოთხოვნების შესაბამისად უნდა წარიმართოს

05 ოქტომბერი, 2016

 

2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ დღის წესრიგში დადგა სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა აირჩეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში.საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა ორმა მოსამართლემ მათ მიერ ფიცის დადების დღეს განაცხადეს, რომ ისინი გამოიყენებდნენ კანონით განსაზღვრულ ორ კვირიან ვადას კონსულტაციებისთვის და შემდეგ ჩამოყალიბდებოდნენ კონკრეტულ კანდიდატებზე. მიუხედავად ამისა, ორ კვირიანი ვადის ამოწურვამდე, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია 6 ოქტომბერს სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხდომის გამართვის შესახებ.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლომ, კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, კოლეგიურად შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის დაძაბული ფონი, რომელიც ბოლო პერიოდში თან სდევდა სასამართლოს საქმიანობას და აზიანებდა მის ავტორიტეტს საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია თითოეულმა მოსამართლემ სრულყოფილად გაიზიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და ხელი არ შეუწყოს ურთიერთობების დაძაბულ რეჟიმში წარმართვას. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია თითოეულ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ვადა მათ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის და მოლაპარაკებისთვის. ამის შემდგომ კი გადაწყვიტოს თავისი ან სხვა მისი კოლეგის კანდიდატურის წარდგენა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დაჩქარება საზოგადოებაში არ ქმნიდეს ამ პროცესის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულობის შთაბეჭდილებას. 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ სასამართლოში დღეს არსებული 8 მოსამართლიდან სამი ახლადდანიშნული ან ნებისმიერი სხვა სამი მოსამართლე ჩათვლის რომ ისინი სრულად აპირებენ კანონით მათთვის მინიჭებული ვადის გამოყენებას, ეს ავტომატური საფუძველი გახდება 6 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომის კანონით გათვალისწინებულ ვადამდე გადადებისთვის, რადგანაც სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია თუ მას სასამართლოს მინიმუმ 6 წევრი ესწრება, მიგვაჩნია, რომ ეს წესი ასევე ვრცელდება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხდომაზეც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადამდე სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურის გადადება ვერანაირად ვერ შეაფერხებს ე.წ. “გახმაურებულ საქმეებზე” მოსამართლეების მიერ საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, რადგანაც ახლად დანიშნული მოსამართლეები თავისთავად არიან სასამართლოს პლენუმის წევრები და მათ სრულყოფილად შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი სამოსამართლეო უფლებამოსილება ამ პერიოდშიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს უზრუნველყონ პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ შესაძლებელი გახდეს ბოლო დროს სასამართლოს შიგნით არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვა. ამასთან, მნიშვნელოვანია თითოეულ მოსამართლეს მიეცეს სრულყოფილი შესაძლებლობა გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები თავმჯდომარის არჩევის პროცესში.