საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა

24 ივნისი, 2014

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი საქმეზე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“  საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი (დროებითი აკრძალვა), რადგან  იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია,  ასევე,  დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.  გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა და მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნული შეზღუდვა პრობლემებს უქმნიდა უცხოელ ინვესტორებსაც, რომელთა ქვეყანაში მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან გაუქმებულია ნორმები, რომლებიც კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენას.

print