საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები

15 ივნისი, 2016

14 ივნისი, თბილისი - კონფერენციაზე: „საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარმოადგინა კვლევის ანგარიში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი 2016“.

წინამდებარე კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, თუ როგორ იკლო 2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა და რა იყო აღნიშნული ცვლილების მიზეზი. ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა - 47,3 მლნ აშშ დოლარიდან 32 მლნ აშშ დოლარამდე. რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლები კი 4,8 მლნ აშშ დოლარიდან 4,1 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა.

თუ, ერთი მხრივ, ეს ცვლილება ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური გარემოთი და ლარის დევალვაციითაა განპირობებული, მეორე მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებულმა ნაჩქარევად განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ კვლავ პრობლემად რჩება როგორც კერძო სექტორის, ისე სამთავრობო უწყებების მიერ განთავსებული ფასიანი მასალების სათანადო აღნიშვნა, განსაკუთრებით ბეჭდვით და ონლაინ მედია საშუალებებში.  ასევე, მნიშვნელოვანია, საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის ორი კომპანიის არსებობა. ის გარემოება, რომ ამ კომპანიების მიერ მომზადებული რეიტინგები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, ვერ აისახება დადებითად ბაზრის დინამიკაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2011 წლიდან აქტიურად აკვირდება სარეკლამო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული ანგარიში სარეკლამო ბაზრის კვლევის მესამე ანგარიშია, წინა ანგარიში ორგანიზაციამ 2013 წელს გამოაქვეყნა

კვლევა განხორციელდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით. ბაზრის ძირითადი მოთამაშეების წარმომადგენლებთან ინტერვიუებს უძღვებოდა კვლევის კონსულტანტი მატიას ჰუტერი.

პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) ფარგლებში. ანგარიშის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

Logo-access.jpg

საქართველოს სარეკლამო ბაზარი 2016

print