საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შეფასება

31 ოქტომბერი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს სამი მობილური ჯგუფით აკვირდებოდა. 20:00 საათამდე მონიტორებმა მოინახულეს საგარეჯოსა და მარტვილის უბნების დიდი უმრავლესობა, მაგრამ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს არ დასწრებიან. ჩვენი დაკვირვებით, ორივე ოლქში კენჭისყრის პროცესი მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ხშირი იყო სხვადასხვა ტიპის, ძირითადად პროცედურულ-საორგანიზაციო ხარვეზები, რომელთა დიდი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიმართვის შედეგადაც აღმოიფხვრა. უფრო კონკრეტულად, შემდეგი ხარვეზები არის აღსანიშნავი:

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაცია

  • წინა წლების არჩევნების მსგავსად, მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია და კენჭისყრის პროცედურების არასათანადო ცოდნა. გამოვლენილი ხარვეზების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარეობდა. დაბალი კვალიფიკაციით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იმ საარჩევნო უბნების წევრები, რომლებიც გახსნილი იყო საგარეჯოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში;

  • მარტვილის საარჩევნო ოლქში ხშირად ფიქსირდებოდა ერთსა და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენლის ყოფნა, მაშინ როდესაც, ამ ორგანიზაციებს ერთ უბანზე მხოლოდ თითო წარმომადგენლის ყოლა აქვთ ნებადართული. როგორც ჩანს, ეს ფაქტები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიის უყურადღებობით იყო გამოწვეული. ყველა შემთხვევაში ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა ეს პრობლემა.

ინფრასტრუქტურული პრობლემები

  • საგარეჯოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში თითქმის ყველა უბანი კენჭისყრის ჩასატარებლად შეუსაბამო იყო. უბნები განლაგებული იყო მცირე ზომის ოთახებში და მაღალი სიმჭიდროვის გამო იქმნებოდა რისკი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა. გარდა ამისა, ზოგიერთი უბანი ისეთ შენობაში იყო განლაგებული, რომ რთული იყო კედლის საარჩევნო სიების კენჭისყრის ოთახის გარეთ განთავსება, რის შედეგადაც, სიები გაკრული იყო შიგნით, რაც კენჭისყრის პროცედურის შეფერხების რისკს ქმნიდა.

რეკომენდაციები

  • მომავალი არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პირველ რიგში, უნდა ეცადოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უკეთ მომზადებას, განსაკუთრებით კი იმ უბნებზე, სადაც უკვე წლებია, რაც მოხელთა პროფესიონალიზმის კუთხით პრობლემები ფიქსირდება;

  • ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრისთვის შერჩეულ იქნეს ისეთი შენობები, სადაც სრულფასოვნად მოხერხდება საარჩევნო პროცედურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის/რეკვიზიტების განთავსება.