საგანგებო წერილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს,
წამების პრევენციის ევროპის საბჭოს კომიტეტს
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდესს
წამების წინააღმდეგ კომიტეტის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტს
თქვენო აღმატებულებანო,
წინამდებარე წერილით გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ქართული ტელეარხების მიერ ახლახანს, 2012 წლის 18 სექტემბერს, სააშკარაოზე გამოტანილ ვიდეომასალაზე, რომელიც პატიმართა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის.შემზარავ კადრებს ასახავს (იხ. დანართი 1, 1-ლი ვიდეო, მე-2 ვიდეო, მე-3 ვიდეო, მე--4 ვიდეო, მე-5 ვიდეო, მე-6 ვიდეო). აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული უფრო მასშტაბური პრობლემების მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია. შეუძლებელია, ეს ფაქტები წამების ცალკე აღებულ შემთხვევებად ჩაითვალოს, რადგანც მათი განხორციელება მხოლოდ ორგანიზებულ პირებს თუ შეეძლოთ.
გამოვლენილია არასათანადო მოპყრობის უამრავი შემთხვევა, თუმცა გამოძიება არც ერთი დამნაშავის მიმართ არ ჩატარებულა და არც რომელიმე მათგანია პასუხისგებაში მიცემული. საგამოძიებო ორგანოებმა აჩვენეს, თუ რამდენად აძლიერებს ჩინოვნიკების ლოიალური დამოკიდებულება დაუსჯელობის გრძნობას და ახალისებს ასეთ ქმედებებს. მაგალითად, დღემდე გამოუძიებელია ქსნის # 15 საპყრობილეში დაფიქსირებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და რომლებზეც არსებობს 500-ზე მეტი პატიმრის ერთობლივი განცხადება (იხ. დანართი 1 და 2). სათანადოდ არ არის გამოძიებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში მოხვედრილი მათი დაცვის ქევშ მყოფ პირებთან დაკავშირებული სხვა შემთხვევები, ისევე როგორც სახალხო დამცველის მოხსენებებში დაფიქსირებული ფაქტები. ეს არასათანადო მოპყრობისა და ხელისუფლების მიერ ფაქტების არაეფექტური გამოძიების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. არაეფექტური გამოძიების მრავალრიცხოვანი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ მთავარი პროკურატურა ამჯერადაც ვერ გაართმევს თავს ვიდეოჩანაწერებში ასახული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადოდ გამოიძიებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ამა წლის 19 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღიარა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში "იყო სისტემური მარცხი" და რომ ხელისუფლებამ სახალხო დამცველის გაფრთხილებებს ყურადღება არ მიაქცია. პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს პატიმრების წამებაში უშუალოდ მონაწილე რამდენიმე პირი და უნდა გატარდეს გარკვეული ზომები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად, რაც სიტუაციის გაკონტროლების მიზნით სასჯელაღსრულების ძირითად დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეყვანას გულისხმობს.
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის შემსწრეც საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა. ჯერ კიდევ არ დამდგარა იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მასობრივ შემთხვევებს. ამასთანავე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხით, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ წამების განხორციელებაში ან იცოდნენ იმის შესახებ, რომ ციხეებში ადგილი ჰქონდა მსგავს ქმედებებს, გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას, აღეკვეთათ ასეთი შემზარავი შემთხვევები და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ მათ.
მეტიც, პრეზიდენტის განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დროებითი ზედამხედველობა ფორმალურად დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელის სახელი უშუალოდ უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრებას და ადამიანის უფლებების უხეშ და მასიურ დარღვევებს. აღნიშნული სახალხო დამცველის ანგარიშებითაც დასტურდება.
პირველ რიგში, მოვითხოვთ, ხელისუფლება სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს არსებულ ვითარებას და გაატაროს ადეკვატური და პროპორციული ზომები. აუცილებელია, დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ გავლენა არ მოახდინონ გამოძიების მიმდინარეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული გამოძიება საზოგადოების ნდობით ვერ ისარგებლებს.
არაეფექტური გამოძიების უამრავი მაგალითი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ არც ამჯერად მოხდება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძება. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, მთავარი პროკურატურის სისტემის ფარგლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაეკისროს ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენს მხოლოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას. ამასთან, საზოგადოებრივი პროკურორის კანდიდატურის დასახელების საშუალება უნდა მიეცეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ამას გარდა, გამოძიების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივ პროკურორთან შეიქმნას შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებითა და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მოახდენს პატიმრების გამოკითხვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით, შეაგროვებს მტკიცებულებებს და მათ საზოგადოებრივ პროკურორს მიაწვდის. ამავდროულად, აღნიშნული კომისია მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესსაც. მხოლოდ ამ მექანიზმების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ვიფიქროთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესაბამის და ადეკვატურ გამოძიებაზე.
აუცილებელია გატარდეს ზომები წამების მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ასევე ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურად და ობიექტურად წარმართვას. გამოძიება უნდა წარიმართოს მათ და მათი ოჯახების მიმართ მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმის გათვალისწინებით. პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრთა შემდგომი ტრავმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ძალადობის მსხვერპლი პატიმრების ვინაობის გასაჯაროებას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ამოცნობადი კადრების გავრცელებას.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს მთავრობის მიერ არ გადადგმულა ნაბიჯები წამების მსხვერპლთა გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, რაც ყოვლად გაუმართლებელია. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული საზოგადოებები. საჭიროდ მიგვაჩნია, წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სათანადო მომსახურების უზრუნველმყოფელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
და ბოლოს, საზოგადოებრივი ინტერესისა და პატიმართა ოჯახის წევრთა შორის არსებული პანიკის პირობებში, აუცილებელია საზოგადოების მუდმივი და აქტიური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მიერთებულია ადამიანის უფლებათა უამრავ საერთაშორისო სტანდარტს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა შიდა კანონების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას მისი მოქალაქეების უფლებები. ზემოთ აღწერილი და 1-ელ და მე-2 დანართებში დოკუმენტირებული მასალა ცხადყოფს, რომ არასათანადო მოპყრობა, რომელიც სისტემატურ ხასიათს ატარებს, საქართველოს პენიტენციალური სისტემის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ჩვენ ერთობ გვაშფოთებს ის გარემოება,, რომ ამგვარ დარღვევებს კვლავაც ექნება ადგილი, თუ მათზე დაუყოვნებლივ არ მოხდება ადეკვატური და პროპორციული რეაგირება.
მოგმართავთ თხოვნით, თქვენო აღმატებულებანო, რათა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდოთ, გადადგას ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის ამ ამაზრზენ ფაქტებთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიების დაწყებისა და დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯისათვის. თქვენო აღმატებულებანო, ჩვენ მოგიწოდებთ, რათა ვითარების შესაფასებლად ოფიციალური ვიზიტით ეწვიოთ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვოთ, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
პატივისცემით,
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
42-ე მუხლი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
სამართლიანი არჩევნები
ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველი"
ციხის საერთაშორისო რეფორმა
მწვანე ალტერნატივა
ჟურნალისტური ეთიკის საქართველოს ქარტია
კოალიცია თავისუფალი არჩევნებისათვის
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია
ახალგაზრდები სამართლიანობისათვის
დანართი 1 (ვიდეო)
1-ელი ვიდეო ასახავს ბადრაგის მიერ პატიმართა ცემას # 8 საპყრობილეში. პირველ ფილმში ნაჩვენებნი არიან ჩამწკრივებული პატიმრები, რომლებიც ელოდებიან, თუ როგორ წაუძღვებიან მათ სათითაოდ კიბის უჯრედისაკენ, სადაც ბადრაგის მთელი შემადგენლობა მუშტებითა და წიხლებით უმასპინძლდება
http://www.youtube.com/watch?v=SB1-5qprsmQ
მე-2 ვიდეო ასახავს თბილისში, გლდანის # 8 საპყრობილეში პატიმრების სექსუალური დამცირებისა და გაუპატიურების ფაქტებს
http://www.youtube.com/watch?v=agDWhr-wn3A
მე-3 ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ სცემენ პატიმარს არასრულწლოვანთა ციხეში იმის გამო, რომ ის არ აგინებს „ქურდებს“, კრიმინალთა საძმოს, რომელიც 2004 წლამდე მართავდა ქართულ ციხეებს ქვედა საცვლამდე გაშიშვლებულ, შეშინებულ და ტკივილისაგან მომწივან ბიჭს გაუპატიურებით ემუქრებიან.
http://www.youtube.com/watch?v=EU93jiu5tbs&feature=related
მე-4 ვიდეოში ნაჩვენებია ახალი პატიმრის შემოყვანა ციხეში და ის, თუ როგორ სცემენ მას ციხის თანამშრომლები, რომლებიც აიძულებენ, შეაგინოს "ქურდებს". შეურაცხყოფის მიმყენებელი ერთ-ერთი პირი იდენტიფიცირებულია როგორც ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის უფროსი. კანონის თანახმად, იგი აღნიშნულ დაწესებულებაში არ უნდა ყოფილიყო. ცემის შემდეგ პატიმარს ავალდებულებენ, დაწეროს აღიარებითი ჩვენება
http://www.youtube.com/watch?v=NFVDTyOwks8
მე-5 ვიდეო გვიჩვენებს, თუ როგორ იგდებენ აბუჩად სულიერად ავადმყოფს გლდანის # 8 საპყრობილის თანამშრომლები. მას ავალდებულებენ, იმღეროს, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ელექტრო შოკშს უქვემდებარებენ.
http://www.youtube.com/watch?v=cUzZBuOCUDU&feature=related
მე-6 ვიდეო შეიცავს ქსნის # 15 საპყრობილის პატიმრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ მას და სხვა პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებენ ციხის თანამშრომლები. საუბრისას პატიმარი შეურაცხყოფის მიმყენებელ პირებს ასახელებს.
თბილისში, გლდანის # 8 საპყრობილის პატიმართა დედები ითხოვენ მათ ვაჟიშვილებთან შეხვედრას, რადგან შიშობენ, რომ ზოგიერთ პატიმარს ციხის შეგნით ძალადობის ფაქტების გამოაშკარავების გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორება ემუქრებოდეს.
http://maestro.ge/?address=uc&id=35410&page=1
დანართი 2
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2011 წლის მონიტორინგის წლიური ანგარიში
„2010 და 2011 წლებში ჩატარებული მორიგი მონიტორინგისა და შემთხვევათა ანალიზის შედეგებიდან ჩანს, რომ არასათანადო მოპყრობა კვლავაც რჩება საქართველოს პენიტენციალური სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. საანგარიშო პერიოდში ხჭირად ხდებოდა არასათანადო მოპყრობის შემთხვევების დოკუმენტირება რამდენიმე დაწესებულებაში (გლდანი #8 საპყრობილე, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთათვის განკუთვნილი სამკურნალო დაწესებულება, ქუთაისის #.2 საპყრობილე), თუმცა ცალკეული შემთხვევები სხვა დაწესებულებებშიც დაფიქსირდა.”
„იმისათვის, რათა სრულად აღმოიფხვრას არასათანადო მოპყრობა, აუცილებელია, მოხდეს თითოეული ასეთი შემთხვევის ეფექტური გამოძიება და დაძლეულ იქნას დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც დღესდღობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს."
„სახალხო დამცველმა რიგი ასეთი შემთხვევა გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, მაგრამ გამოძიება უმეტეს შემთხვევაში შეწყვეტილია ან ჭიანურდება."
„დაუსჯელობის სინდრომი ფესვგამდგარია [სასჯელაღსრულების] სისტემის თანამშრომლებში და რიგი [ციხის] ობიექტის ხელმძღვანელობა პრობლემის გადაჭრის ნაცვლად ხშირად მის დაფარვას ცდილობს.“
http://www.ombudsman.ge/files/downloads/en/noxsxilefcgmnbwfcoeq.pdf
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპის კომიტეტის მიერ 2010 წლის 5-15 თებერვალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ანგარიში საქართველოს მთავრობის მიმართ
http://www.cpt.coe.int/documents/geo/2010-27-inf-eng.pdf
საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი პროკურორისაგან ითხოვს, რომ მან მე-9 არხისა და „მაესტროს“ სატელევიზიო არხების მიერ გავრცელებულ ვიდეო სიუჟეტებში ნაჩვენები ყველა დამნაშავე პირის დასადგენად ეფექტურ ზომებს მიმართოს და დროულად მისცეს ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&id=1551
სახალხო დამცველი ქსნის # 15 საპყრობილეში შექმნილი ვითარების გამოძიებას ითხოვს
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&id=1577
ორგანიზაცია Amnesty International თავის განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გამოიძიოს ციხეში წამების შესახებ არსებული ცნობები
ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თავის განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ეფექტურად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობისა და წამების ყველა სავარაუდო შემთხვევა და სისხლის სამართლის წესით სასჯელი შეეფარდოთ დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირებს.
http://www.hrw.org/news/2012/09/19/georgia-investigate-sexual-abuse-prison