ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება უკანონო „მოსმენების“ შესახებ

26 ოქტომბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომუნიკაციის სფეროში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეების უკანონო „მოსმენების“ თაობაზე. როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის მფლობელმა, მამია სანადირაძემ განაცხადა, ხელისუფლებისთვის ამგვარ ქმედებაზე უარის თქმის გამო მას გარკვეული პრობლემები შეექმნა. შედეგად, მამია სანადირაძე იძულებული გახდა კომპანიის საკონტროლო პაკეტი გაეყიდა.  

მიმდინარე წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ონლაინ მედია სფეროს მდგომარეობის კვლევის ფარგლებში საქართველოში მოქმედ მობილურ, ინტერნეტ და სატელეფონო სერვისის განმახორციელებელ ოპერატორებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ეხებოდა ქვეყანაში არსებული უნებართვო მოსმენების პრაქტიკას. პირისპირ შეხვედრებისას მოწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ოპერატორებმა წერილობით პასუხებში არ დაადასტურეს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოში მათ მომხმარებელთა მიმართ უკანონო მოსმენებს ან ხორციელდებოდა თუ არა მათზე ზეწოლა აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით.

მისასალმებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის სადავო მუხლი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, სამართალდამცავ ორგანოს შესაძლებლობას აძლევდა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკვირვება განეხორციელებინა დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობაზე.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში პერიოდულად ქვეყნდებოდა მთელი რიგი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ყოველგვარი მითითების გარეშე. უცნობი იყო, თუ რეალურად ვინ მოახდინა აღნიშნული აუდიოჩაწერა და შემდგომ მათი განთავსება. თვალშისაცემი იყო გასული წლების განმავლობაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდებში და, განსაკუთრებით კი, არჩევნების წინ ისეთი აუდიომასალის გავრცელება, სადაც უმეტეს შემთხვევაში მთავარ მოქმედ პირებად ხელისუფლების ოპონენტები გვევლინებოდნენ.  ზოგ შეთხვევაში, სატელეფონო საუბრების ჩაწერას ხელისუფლება ახორციელებდა. დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია, რა პირობებში და რის საფუძველზე ხდებოდა ამგვარი ჩანაწერების გაკეთება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას, გამოიძიოს ქვეყანაში მოქალაქეთა უკანონო „მოსმენების“ ფაქტები. ასევე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა ოპერატორმა საჯარო გახადოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ზემოაღნიშნულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლავაც განაგრძობს მედია და კომუნიკაციების სექტორის შესწავლას და აქ არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობას.

Media