„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს თავი შეიკავონ მედიის საქმიანობაში ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს თავი შეიკავონ მედიის საქმიანობაში ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან

10 ივნისი, 2014

 

9 ივნისს, ტელეკომპანია ტვ 25-ის ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ თავისი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა. საუბარის შინაარსი ეხება 8 ივნისს ტვ25-ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს სახელად „უმაღლესი კომფორტი“, სადაც მოთხრობილია როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს აქტივობებზე, ისე კონკრეტული დეპუტატების საქმიანობაზე.

ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მედეა ვასაძე დაუკავშირდა გადაცემის ავტორს, ჯაბა ანანიძეს და ის ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრება მედეა ვასაძე ჟურნალისტს მის საწინააღმდეგოდ მოქმედებების დაწყებით. ასევე, არაპირდაპირი მუქარის შემცველ ნიშნებს შეიცავს ვასაძის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ჟურნალისტის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არარეთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. დეპუტატი ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან კოლეგა დეპუტატებს მოუწოდა თავი აერიდებინათ ჟურნალისტთან ახლო კონტაქტისგან, იმ მოტივით, რომ ჟურნალისტი, მათთან ჩაწერილ ინტერვიუს, საზოგადოებას კონტექსტიდან ამოვადნილად მიაწვდიდა.  

აუდიოჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ მედეა ვასაძეს მიმოწერა ჰქონდა და კვლავ აპირებს აჭარის მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან დაკონტაქტებას, მასსა და დიანა დიასამიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დასრულების მოტივით. ასეთი ტიპის ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ნიშნებს და საფრთხეს უქმნიდეს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას. აღსანიშნავია, რომ დიანა დიასამიძის ცემის ფაქტზე გამოძიება გასულ წელს დაიწყო - ის დეპუტატ მედეა ვასაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძე, ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირის, სოფიო კობალაძის სამსახურებრივ ტელეფონში პირადი მიმოწერის ნახვის საშუალება უმაღლესი საბჭოს რამდენიმე თანამშრომელს მიეცა, თავად კობალაძის ნებართვის გარეშე. მოგვიანებით ეს ჩანაწერი სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია თუ რა გზით მოხდა პირადი მიმოწერის უკანონოდ გავრცელება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს თავი შეიკავონ მედიის საქმიანობაში ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან და ჟურნალისტების მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისგან. ასევე, მოვუწოდებთ აჭარის უმაღლეს საბჭოს იმსჯელოს მომხდარ ფაქტზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარონ კანონით განსაზღვრული ღინისძიებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღონ ადეკვატური ზომები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ  პროკურატურამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, როგორც გასულ წელს დიანა დიასამიძის ცემის ფაქტთან, ისე ჟურნალისტზე ზეწოლისა და მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

print