რეკომენდაციები ახალ პარლამენტს: მედია სექტორის გაუმჯობესება
საკანომდებლო ბაზა
საქართველოში არსებული კანონმდებლობა მთლიანობაში უზრუნველყოფს მედიის თავისუფლების დაცვას: საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მიხედვით, დაცულია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის 154–ე მუხლით.
დღეისათვის, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ არეგულირებს რადიოსა და ტელევიზიის საქმიანობას, ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირების წესს, მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციებს, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის პირობებსა და ლიცენზიის პირობების შესრულებაზე მონიტორინგის წესებს.
საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ არეგულირებს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის საქმიანობას და განსაზღვრავს იმ ადამიანთა უფლებებს და მოვალეობებს, რომლებიც ფლობენ, მოიხმარენ ან მიაწოდებენ მომსახურებას ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების საშუალებით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული მაუწყებლების ქცევის კოდექსი, რომელიც თვითრეგულაციის მექანიზმს ითვალისწინებს, განსაზღვრავს პრინციპებსა და წესებს, თუ როგორ შექმნან და გაავრცელონ პროგრამები მაუწყებლებმა.
საქართველოს სარეკლამო სექტორი რეგულირდება კანონით რეკლამის შესახებ, სამაუწყებლო რეკლამის საკითხები კი - კანონით მაუწყებლობის შესახებ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია
არსებული მდგომარეობა
პოლიტიზებული მედია გარემოს პირობებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოლიტიკური დამოუკიდებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში ბევრი კვალიფიციური კადრი მუშაობს, მის მიერ გასულ წლებში მიღებული რიგი გადაწყვეტილებები ხშირად თვითნებურ გადაწყვეტილებებს ჰგავდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მარეგულირებელი ორგანო არ ითვლებოდა მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ინსტიტუტად. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებათა წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავს კომისიის თავმჯდომარის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში კომისიის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის დაწყების მიმართულებით.
რეკომენდაციები:
მნიშვნელოვანია მთავრობისა და პარლამენტის მიერ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად:
- კომისიის წევრები უნდა იყვნენ პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურები. მათი არჩევის წესი უნდა გადაიხედოს, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
- მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარ ვებგვერდზე რეგულარულად და პროაქტიურად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის ფორმატი უნდა იყოს ადვილად ძიებადი და კითხვადი.
- კომისიამ ასევე უნდა შეიმუშავოს სპეციალური ფორმა და მოთხოვოს მაუწყებლებს გაასაჯაროონ თუ რა ფინანსური ან სხვა სახის დახმარება განახორციელეს მფლობელებმა. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო გახდეს მაუწყებელთა ის შემოსავლის ნაწილი, რომელსაც დღეს “სხვა შემოსავლების” ნაწილში იყრის თავს და არ შედის სარეკლამო, ტელეშოპინგის თუ სპონსორულ შემოსავლებში.
- კომისიამ, სამოქალაქო სექტორთან ერთად, დროულად უნდა დანიშნოს “მედია ომბუდსმენი”, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
არსებული მდგომარეობა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. მისი ძირითადი მოვალეობაა საქართველოს მოქალაქეების სამსახურში ყოფნა და მაყურებლისათვის ობიექტური სიახლეების, საგანმანათლებლო, ანალიტიკური და გასართობი პროგრამების მიწოდება. ამ მისიის შესასრულებლად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს საზოგადოების პლურალისტური აზრის განმტკიცებაში. აუცილებელია, აქცენტები გაკეთდეს პოლიტიკური თოქ შოუების გაძლიერებაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპერირებს ორ რადიოსა და ძირითადად ორ სატელივიზიო არხს - პირველ და მეორე არხებს, რომელთა მიღებაც ანალოგიური ანტენით შეიძლება (ქვეყნის ზოგ ნაწილში, მაგ. თბილისში, ქუთაისში, გორში, ამ არხების მიღება ჩვეულებრივი ანტენით შეიძლება). ხოლო მესამე რუსულენოვანი არხი „პიკი“ მართვის უფლებით კომპანია “ალანიას” აქვს გადაცემული.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ, როდესაც ვახო სანაიას ორი სატელევიზიო გადაცემა დაიხურა და თავად ჟურნალისტი რამოდენიმე კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს. დავამ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „პიკს“ შორის არსებობდა, საბოლოოდ რუსულენოვანი არხის ფუნქციონირების შეჩერება გამოიწვია. პრობლემები იყო ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან დაკავშირებით: მაგალითად, ჟურნალისტებს ზოგ შემთხვევაში მოკლე ვადიანი კონტრაქტები ჰქონდათ, რაც მათი არასტაბილურობის გრძნობას უფრო ამძაფრებდა და მათ მიუკერძოებლობაზე ახდენდა გავლენას.
რეკომენდაციები:
- ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავი უნდა შეიკავოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაუთმოს ადგილი საგამოძიებო რეპორტაჟებს.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აჩვენოს გადაცემები, რომელიც მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინფორმირებულობისაკენ;
- უნდა გადაიხედოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს არჩევის წესი. სასურველია წევრთა რაოდენობის შემცირება. არჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების მაღალი ჩართულობა.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გადადგას რეალისტური ნაბიჯები ტექნიკური წვდომის გაზრდისაკენ და ტექნიკური პლატფორმების ფართო სპექტრის საშუალებით რაც შეიძლება ბევრ მომხმარებლამდე მივიდეს. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მეორე არხის გავრცელებას შეეხება.
მედიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა
არსებული მდგომარეობა
საქართველოს მედია გარემო უკიდურესად პოლარიზებულია. ტელევიზიების უმეტესობა გარკვეულ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს.
საქართველოში მედია-საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ, მჭიდრო კავშირში არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. მათ შორისაა რუსთავი 2, რეალ ტვ, 25–ე არხი, მე–9 არხი, ინფო 9, გორის თრიალეთი ტვ, რომლის 10%–ს მე–9 არხი ფლობს.
როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული ბეჭდური მედიის გავრცელების საკითხებში.
ამგვარი ქმედებების შედეგად, მედია საშუალებებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ სარედაქციო პოლიტიკასთან მიმართებაში. გარდა ამისა, მათი ფინანსური მდგრადობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.
რეკომენდაციები:
- ახალი მთავრობა და პარლამენტის წევრები უნდა ეცადონ, რომ მოხდეს მედია სექტორის სრული დეპოლიტიზაცია. საჯარო მოხელეები პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით არ უნდა ფლობდნენ წილებს მედიასაშუალებებში, ან იმ ინსტიტუტებში, რომლებიც უკავშირდება მედია სექტორს (მაგ: რეკლამა, ტექნიკური ინფრასტრუქტურა, დისტრიბუცია).
- მაღალი რანგის საჯარო მოხელეებმა ან უნდა გაასხვისონ მათ კუთვნილებაში მყოფი მედიასაშუალებები ან გამოძებნონ მათი განკარგვის გზები, ისე რომ არ აკონტროლებდნენ მედიასაშუალებებს;
- წარსულში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის მიზნით ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ნორმები გამოყენებული უნდა იყოს ასევე სარეკლამო სააგენტოებსა თუ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ ოპერატორებზე.
- მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ჰყავდეს გამოყოფილი მედია საკითხებზე მომუშავე პასუხისმგებელი პირი, რომელიც კომპეტენტური იქნება მედია გარემოსთან მიმართებაში არსებულ საკითხებზე.
ინტერნეტ თავისუფლების ხელშეწყობა
არსებული მდგომარეობა:
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2011 წლის მონაცემებით, საქართველოს ახალგაზრდობის მეოთხედი ინტერნეტის ყოველდღური მომხმარებლებია. ახალგაზრდებისათვის ინტერნეტი ტელევიზიის შემდეგ ინფორმაციის მთავარი წყარო გახდა. 18-35 წლის მოქალაქეები ინტერნეტის სისტემატურ მომხმარებლებად მიიჩნევიან, მათ შორის 43% ინტერნეტთან ყოველდღიური შეხება აქვს. 55 წლის ასაკს გადაცილებული თაობა მნიშვნელოვნად მოწყვეტილია ინტერნეტისაგან. 10-დან 5-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია.
რეკომენდაციები:
- საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერნეტთან წვდომას, განსაკუთრებით რეგიონებში.
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პარლამენტმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს, თუ როგორ ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მონაცემთა ბაზაზე დაშვება.
- პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე წვდომის თანაბარი პირობები, რაც საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.
ჟურნალისტების უფლებების დაცვა
არსებული მდგომარეობა
გასულ თვეებში მოხდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ, აშინებდნენ ან თავს ესხმოდნენ. ივლისში, სტუდია მონიტორის (მოწინავე საგამოძიებო ჟურნალისტური სტუდია) ოფისი გაქურდეს. 2011 წელს სამი ფოტოგრაფი დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით, და 3 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც მათ ხელი მოაწერეს საპროცესო გარიგებას. ერთ–ერთი ფოტოგრაფის განცხადებით, ის აიძულეს ამ ნაბიჯზე წასულიყო. ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები კარგად არის აღწერილი როგორც მედია გამოცემების მიერ, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის ოფისის მიერ.
ბევრ შემხთვევაში გამოძიება დაწყებულია. თუმცა, სამართალდამცავი და სახელისუფლებო ორგანოების არასაკმარისმა სურვილმა სათანადო გამოძიება ჩატარებულიყო, და დასჯილიყვნენ შესაბამისი პირები, შექმნა დაუსჯელობის სინდრომი.
რეკომენდაციები:
- მთავრობამ და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სრულად იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა მედიაზე თავდასხმები. მათ შორის, სტუდია მონიტორის გაძარცვის ფაქტი, “ფოტოგრაფების” საქმე, 26 მაისის დემონსტრაცია, გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორების შანტაჟის მცდელობა და სხვა რეპორტიორებზე თავდასხმები ან ფიზიკური იძულებები.
- სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დროული და ადექვატური რეაქცია. ეს უზრუნველყოფს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. იმისათვის, რომ დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომი მედიაზე თავდასხმების გამო, მთვრობამ საჯარო უნდა გახადოს გამოძიების შედეგები.
- ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მედია ომბუდსმენის პოსტის შემოღება (სახალხო დამცველის ოფისის ფარგლებში) და მას დაევალოს საქართველოში მედიის თავისუფლების მონიტორინგი და დაცვა. მედია ომბუდსმენი უნდა იყოს მედიატორი ჟურნალისტებსა და მთავრობას შორის კონფლიქტის შემთხვევაში.
Must–carry/ must-offer რეგულაციების შემოღება
არსებული მდგომარეობა
გასულ წლებში, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მიუწვდებოდა ხელი ტელეარხების ფართო სპექტრზე, რომლებიც ახალ ამბებში სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს სთავაზობდნენ მაყურებელს. წლების განმავლობაში, საკაბელო ოპერატორები თავიანთ პაკეტში არ რთავდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სატელევიზიო არხებს, როგორებიცაა „კავკასია“, „მაესტრო“, მე–9 არხი. მიუხედავად მომხმარებლის მხრიდან დიდი სურვილისა ეს ტელეარხები ყოფილიყო პაკეტში, პროვაიდერები „ტექნიკურ“ ან სხვა სახის პრობლემებს ასახელებდნენ იმის მიზეზად, რომ მათი პაკეტები რიგ ტელეარხებს არ შეიცავდა. ამავდროულად, ზოგიერთი ტელეარხი, მათ შორის „რუსთავი 2“ და „იმედი“ ბოროტად სარგებლობდა ბაზარზე შექმნილი სიტუაციით და კოორდინირებული მოქმედებით საკაბელო ოპერატორებს ჩამოართვეს მათ პაკეტში ამ არხების შეყვანის უფლება. ერთ–ერთი საკაბელო ოპერატორი იყო გლობალ ტვ, რომლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა იყო და რომელიც კრიტიკულ ტელეარხებს გადმოსცემდა.
საბაზრო ჩავარდნებმა შეზღუდა ხალხის უფლება მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე. 2012 წლის ივნისში, პარლამენტი დათანხმდა შეეცვალა საარჩევნო კოდექსი და შემოიღო Must – carry/ must-offer რეგულაციები წინასაარჩევნო პერიოდში. მიუხედავად ზოგიერთი პრობლემისა, რაც გამოწვეული იყო კანონის სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციით ,,Must –carry” რეგულაცია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გატარდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდით ამ რეგულაციის შეზღუდვა უდაოდ ნეგატიური ფაქტი იყო.
არჩევნების შემდეგ რამდენიმე ოპერატორმა დროებით შეაჩერა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხების ჩვენება, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამეტო არჩევნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარცხი აღიარა, ოპერატორების უმრავლესობამ განაგრძო ამ არხები ტრანსლირება.
რეკომენდაციები:
- მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორის პაკეტში ყველა ძირითადი სატელევიზიო არხი არი ჩართული, აუცილებელია კანონში მაუწყებლობის შესახებ შევიდეს must-carry/ must-offer რეგულაციები, რომლებიც დროში არ იქნება შეზღუდული. აღნიშნული რეგულაციების მიზანი მხარეების უფლებამოსილებათა განსაზღვრა უნდა იყოს. ასევე უზრუნველყოფლ უნდა იყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ტელეარხების ფართო სპექტრზე.
- ახალი წესები უნდა იწერებოდეს დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართვის და მათთან კონსულტაციების შემდეგ. მათ შორის უნდა იყვნენ სატელევიზიო არხები, სატელიტური და საკაბელო ოპერატორები, მედია ასოციაციები და სამოქალაქო საზოგადოება. წესები, რომლებსაც საარჩევნო კოდექსი შეიცავს, განხილვის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ სავარაუდოდ მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს და განმარტებებს. რეგულაცია განხილვის საგანი უნდა გახდეს 2015 წელს, როდესაც ციფრული მაუწყებლობა დაიწყება.
ციფრული ტელემაუწყებლობის შემოღება
არსებული მდგომარეობა
რეგიონული შეთანხმების ფარგლებში (საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, ჟენევა 2006), რომელიც სავალდებულო საერთაშორისო შეთნხმებაა, საქართველომ, კავკასიის სხვა ქვეყნების მსგავსად აიღო პასუხისმგებლობა სიხშირული მაუწყებლობიდან ციფრულზე გადასულიყო. ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისიდან იმ ტელეარხების მიღება, რომლებიც ადრე ანტენის დახმარებით ხდებოდა, უკვე ახალი, ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით იქნება შესაძლებელი. თუ საქართველომ ვერ მოახერხა ამ ვადაში ჩაჯდეს, მისი მეზობელი ქვეყნები არ იქნებიან ვალდებულნი იმ “სიხშირულ საზღვრებს” გაუწიონ ანგარიში, რაც უკვე დადგენილია ქვეყნებს შორის.
მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. ახალი ტექნოლოგიური სტანდარტი (DVB - T2) სიგნალების უფრო კარგად მიღების საშუალებას იძლევა. შესაძლებელი ხდება მეტი არხი მივიღოთ ანტენის საშუალებით (რიცხვი უნდა დადგინდეს პოლიტიკის შემქმნელების და მარეგულირებლის მიერ). ტელეარხების გამოსახულება და ჟღერადობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დ არხებს შესაძლებლომა მიეცემათ მეტი მომსახურება და ინფორმაცია შესთავაზონ მაყურებელს, მათ შორის აუდიო გახმოვანება სხვადასხვა ენაზე, სუბტიტრები და ინფორმაცია იმ პროგრამებზე, რასაც ისინი გადმოსცემენ. უფრო მეტიც, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გამოათვისუფლებს ზოგიერთ სიხშირეს, ეს გახდება ეგრეთწოდებული ციფრული დივიდენდები, რასაც მთავრობა სხვა მოხმარებას მოუძებნის, მაგალითად აუქციონზე გამოიტანს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკაბელო ინტერნეტპროვაიდერები არიან.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მხოლოდ საკანონმდებლო და რეგულაციების ცვლილებებს არ მოითხოვს. ასევე საჭიროა მნიშვნლოვანი ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში. სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ალფაკომი ვალდებული იქნება განაახლოს საქართველოს სატელევიზიო ანძები, სატელევიზიო სადგურებმა უნდა შეიძინონ და დაამონტაჟონ ახალი აღჭურვილობები, ხოლო ოჯახებმა უნდა შეიძინონ ეგრეთწოდებული “დეკოდერები”, რადგან შეძლონ ძველი ტელევიზორებით გადაცემების ნახვა. ეს ყველაფერი 2015 წლის ივნისისთვის უნდა მოხდეს. საჭირო ინვესტიციების და საკმაოდ რთული პროცესის გამო, დასავლეთის ქვეყნებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას რმდენიმე წელი დასჭირდა. ის ფაქტი, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ დაუწყია პროცესი, ბადებს ეჭვს, თუ რამდენად შეძლებს საქართველო 2015 წლის ივნისისათვის გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ, რომელსაც ევლებოდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია განესაზღვრა, 1,5 წლის განმალობაში ვერ შეძლო ამ დოკუმენტის შექმნა.
საქართველოს ეროვნულმა კომუნიკაციების კომისიამ, რომელსაც გააჩნია ის ტექნიკური გამოცდილება, რაც არა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მარეგულირებლის გეგმა, საკუთარი შეხედულებები და პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრულ მაუწყებობაზე გადასვლა. ასევე კომისია შეხვდა იმ კომპანიებს, რომლების შეძლებენ საჭირო ტექნოლოგიებით მომარაგებას.
რეკომენდაციები
- საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და 2015 წლის პირველ ნახევარში ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს.
- ეკომომიკის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს რეალისტური გეგმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის უიცილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა.
- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც ექსპერტები და დაინტერესბული მხარეები იქნებიან წარმოდგენილნი.
- იმ შემთხვევაში თუ პროცესი წარიმართება გაუმართლებელი პოლიტიკური ჩარევით, ეს უარყოფითად იმოქმედებს სატელევიზიო სექტორის თავისუფლებაზე, პლურალიზმსა და მდგრადობაზე.
აჭარის ტელევიზიის რეფორმა
არსებული მდგომარეობა
აჭარის ტელევიზია იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აჭარის ტელე და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ. წვდომით მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს სატელევიზიო სადგური მეოთხეა საქართველოში. მისი სიხშირული სიგნალი საქართველოს დიდ ნაწილს ფარავს და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს შეუძლია ამ არხის ანტენის, სატელიტის ან საკაბელო ოპერატორის საშუალებით მიღება. 2012 წელს, აჭარის ტელევიზია რეგიონული მთავრობის ბიუჯეტიდან 6,648 მილიონი ლარით დაფინანსდა.
აჭარის ტელევიზიას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ის უნდა იმართებოდეს. საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, კერძო ტელეარხების და სათემო სადგურების სამართლებრივი ბაზაა გაწერილი, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი იმ ტიპის სატელევიზიო არხებზე, როგორიცაა აჭარის ტელევიზია. კანონში ხაზგასმულიც კი არის, რომ “ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე ურიდიული პირი” არ შეიძლება ფლობდეს სამაუწყებლო ლიცენზიას. 2005 წლის დეკემბერში შესული ცვლილებები საქართველოს სამაუწყებლო კანონში მოითხოვდა მთავრობისგან “აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციისთვის საჭირო წინადადებების შემუშვებას” 2006 წლის ბოლომდე. მაგრამ არანაირი მსგავსი დოკუმენტი არ შემუშავებულა. როდესაც 2011 წლის აპრილში საქართველოს კანონმა მაუწყებლის შესახებ ისევ განიცადა ცვლილებები, კანონში ისევ შევიდა ის ვადები, რა ვადებშიც უნდა მომხდარიყო აჭარის ტელევიზიის მართვის რეორგნიზაცია. მთავრობას ამის გაკეთება 2011 წლის 1 ნოემბრამდე დაევალა. თუმცა, ამ ვადამაც ყოველგვარი შედეგის გარეშე ჩიარა.
რადგან აჭარის ტელევიზიის სუბსიდირება რეგიონული მთავრობის მერ გადასახადის გადამხდელების თანხით ხდება, სატელევიზიო არხს რეკლამის განთავსება ძალიან დაბალ ფასად შეუძლია. ეს დაბალი ფასი კი არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სხვა მედია საშუალებებისთვის აჭარაში, რომლებიც ვერ უწევენ კონკურენციას აჭარის ტელევიზიის შემოთავაზებას.
ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებლების არსებობა ქვეყანაში, რომელთა მისიაა ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, და არა ემსახურონ მთავრობას აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
რეკომენდაციები
- პარლამენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და მთავრობასთან შეთანხმებულად ან უნდა შეცვალოს და რეფორმა გაატაროს ან სრულიად გააუქმოს აჭარის საზოგადობრივი მაუწყებელი. შესაძლებელია მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შერწყმა, ხოლო აჭარის ტელევიზიის სიხშირე გადაეცეს ან საზოგადოებრივ მაუწყებელს (მეორე არხის მიღების შესაძლებლობა ოჯახების 30 % აქვს) ან კერძო ტელეარხებს ტენდერის გზით.
ხელისუფლების მიერ მედიის დაფინანსება
არსებული მდგომარეობა
საქართველოში რეკლამაზე გაწეული დანახარჯები, რაც მედია საშუალებების უმეტესობის ძირითადი შემოსავლის წყაროა, მცირეა. კერძო ბიზნესებისგან განსხვავებით, სამთავრობო სექტორს საკუთარ განკარგულებაში რეკლამის განთავსების ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს. როდესაც მთავრობა სარეკლამო თუ მომსახურების კონტრაქტების საშუალებით თანხებს ურიცხავს მედია საშუალებებს, ის სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას კონკურენტული გარემო მედია სექტორში და გადასახადის გადამხდელთა თანხა არ გაიხარჯოს იმ მედია საშუალებების “დასაჯილდოვებლად”, რომლებიც დადებითად აშუქებენ მთავრობის საქმიანობას.
რიგი ადგილობრივი თვითმმართველობებისა თვიანთი ბიუჯეტიდან აფინანსებენ მედია საქმიანობებს, ასევე ფინანსურად ეხმარებიან ადგილობრივ ტელევიზიებს, მთავრობის მიერ კონტროლირებად ადგილობრივ გაზეთებს.
2012 წელს რეგიონულმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ საერთო ჯამში 8,56 მილიონი ლარი გამოუყო მედია საშუალებებს აქტივობების განსახორციელებლად. (2011 წელს ეს ციფრი 7,47 მილიონს შეადგენდა). ამ თანხის დიდი ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გადასცა აჭარის ტელევიზიას. საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველობებმა ჯამში 1,43 მილიონი გამოუყვეს მედიას თავიანთი ბიუჯეტებიდან (2011 წელს ეს თანხა 1,17 მილიონ ლარს შეადგენდა). მიუხედავად იმისა, რომ თანხა არც ისე დიდია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მედიისთვის გაცემული თანხები დამოუკიდებელ მედია გამოცემებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ისინი უძლურნი არიან კონკურენცია გაუწიონ მთვრობის მიერ დაფინანსებულ კონკურენტებს.
რეკომენდაციები
- იმ სამინისტროებმა, სამთავრობო სტრუქტურებმა და სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფმა კომპნიებმა, რომლებიც სარეკლამო კამპანიას ეწევიან მედია საშუალებებში რეგულარულად და პროაქტიურად უნდა გამოაქვეყნონ ყველა ხარჯი და ბენეფიციარი მედიასაშუალებები.
- ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეაფასოს რამდენად ეფექტურია მათ მიერ მედიისთვის განკუთვნილი ხარჯები, გაზარდოს სატენდერო განაცხადების ვადები, რომ გაუმჯობესდეს კონკურენცია და უზრუნველყოს ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანობა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელისუფლების წარმომადგენლები
არსებული მდგომარეობა
ჟურნალისტები, რომლებიც დამოუკიდებელ მედია საშუალებში მუშაობენ, ყოველდღიურად “იბრძვიან” ადგილობროვ ჩინოვნიკებთან დასაკავშირებლად და საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად. ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში ცოტა ხნის წინ მიღებულმა ახალმა ადმინისტრაციულმა პროცედურებმა კიდევ უფრო გაართულა საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესი.
წინა მთავრობის მთავარი მიღწევა იყო ელექტრონული მონაცემთა ბაზების შექმნა, სადაც მოცემულია ოფიციალური სამთავრობო ინფორმაცია, მათ შორის მონაცემები კომპანიების რეგისტრაციის შესახებ. „საერთაშორისო გმჭვირვალობა - საქართველოს” და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა დონის სამთავრობო სტრუქტურების უმეტესობამ არ დაიშურა ძალისხმევა, მათი სტრუქტურები შესაბამისობაში ყოფილიყო “ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნის” წესებთან.
თუმცა, მთავრობის საქმიანობის რიგ მნიშვნელოვან ნაწილში, მათ შორის სამინისტროების საქმიანობაში (განათლების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები), მთავრობის სარეზერვო ფონდები, რომლებიც ახორციელებენ ინფრასტრუქტურული განვითრების პროექტებს, მათ შორის თბილისის განვითარების ფონდიც, უპასუხოდ ტოვებდენ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნებს. ძირითადად, ეს ინსტიტუტები 10 დღის გასვლის შემდეგ აგზავნიდნენ არასრულ ინფორმაციას, ან რამდენჯერმე გაგზავნილი წერილების შემდეგ პასუხობდნენ თხოვნას. რეგიონებში ჟურნალისტებს უჭირთ ადგილობრივი ოფიციოზისგან ინტერვიუს აღება, შეხვედრებსაც ვერ ესწრებიან.
ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნით მიმართვა ზოგჯერ მოუხერხებელია, რადგან ხშირ შემთვევაში მათ პასუხი რამდენიმე საათში ან დღეში სჭირდებათ კომპეტენტური სამთავრობო სტრუქტურიდან. თუ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ ინფორმაციის ან კომენტარის გონივრულ ვადაში გაცემას, ამ წარუმატებელი კომუნიკაციის შედეგია ყალბი სტატიები და სიუჟეტები, რომლებიც ძირითადად ჭორებსა და სპეკულაციაზეა აწყობილი.
უფრო მეტიც, ჟურნალისტები შეზღუდულნი იყვნენ სასამართლო პროცესების გაშუქებაში, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ უფლება აუდიო და ვიდეო ჩაწერა ეწარმოებინათ ან თუნდაც კომპიუტერი გამოეყენებინათ ჩანაწერების გასაკეთებლად. ხშირად სასამართლოები არ აკმაყოფილებნენ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნას, მიზეზად კი არასაკმარის რესურსს ასახელებდნენ.
რეკომენდაციები
- მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნებზე დროული პასუხების გაცემა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა საჯარო ინსტიტუტის ტექნიკური შესაძლებლობა დროულად გასცეს პასუხი. განხილული უნდა იქნას ადმინისტრაციული სანქციების შემოღება იმ დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნას უპასუხოდ დატოვებენ.
- მთავრობამ და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ის ინსტიტუტები და დაწესებულებები, რომლებიც უპასუხოდ ტოვებდნენ ან არასრულ პასუხს მიაწოდებდნენ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნაზე, ასევე მონაწილეობას არ იღებდნენ ელექტრონული შესყიდვების პროცესში, არ აქვეყნებდნენ ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ, გახდნენ კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებულები მედიისა და საზოგადოების წინაშე.
- მუნიციპალიტეტებმა სამთავრობო დაწესებულებების გარეთა კედელზე უნდა შემოიღონ განცხადებების დაფა, რომელიც ადვილად ხელმისაწვომი იქნება საზოგადოებისთვის და სადაც გამოაკრავენ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სხდომების თარიღებს. ასევე იმ მუნიციპალიტეტებმა რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდი აქვთ უნდა განაახლონ დაგეგმილი საჯარო შეხვედრების თარიღებით და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოქვეყნებით.
- იუსტიციის სამინისტრომ, მედია სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებლობა უნდა მისცეს ჟურნალისტებს გააშუქონ სასამართლო პროცესები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მართლმსაჯულების ნდობის აღსადგენად ქვეყანაში.
- მედია საშუალებას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან დროულად დაკავშირებისა და თავის მხრივ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ დროული პასუხები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების კითხვებზე. ეს ახალი მთავრობის პრიორიტეტი უნდა გახდეს.
- მნიშვნელოვანია ასევე, რომ პრესსამსახურებს ხელისუფლების ყველა დონეზე მიეცეთ შესაძლებლობა კომენტარი გააკეთონ ჟურნალისტებთან და დროულად ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.
--
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.