რა ქონებას ფლობენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები “ქართული ოცნებიდან”
ფოტო აღებულია კახა კალაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 23 ივლისს, სამეგრელოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას კანდიდატების შესახებ, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებსა და ზოგიერთი მათგანის მიერ შევსებული ქონებრივ დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.
ზუგდიდი:
მერაბ ქვარაია
განათლება
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ქვარაიაა წარდგენილი, რომელიც 2014 წლიდან ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. მერაბ ქვარაია პროფესიით სამართალმცოდნეა, იგი 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1995-1996 წლებში კი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
სამუშაო გამოცდილება
მერაბ ქვარაია 1995-1998 წლებში მუშაობდა კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში; 1998-2001 წლებში იყო ზუგდიდის რაიონის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2001-2002 წლებში თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში მუშაობდა ლექტორად; 2003 წლამდე იყო „სახალხო პარტიის“ წევრი; 2003 წლის მოწვევის, არშემდგარი პარლამენტის წევრი პოლიტიკური მოძრაობა „აღორძინებიდან“; 2002-2005 წლებში იყო ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; 2004-2005 წლებში კი საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, პოლიტპატიმრების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისიის წევრი. მერაბ ქვარაია 2013 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.
ქონებრივი მდგომარეობა
2015 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ სახლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ სახლს გალში, სამ ბინას ქალაქ თბილისში, არასაცხოვრებელ ფართს ზუგდიდში, ასევე რამდენიმე მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და გალში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ნასამართლეობა
2005 წლის 26 აგვისტოს, მერაბ ქვარაია, 2001 წელს ზუგდიდის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მერაბ ქვარაიას თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა. ქვარაიამ მსჯავრის მოხდის შემდეგ საპატიმრო 2012 წლის 24 თებერვალს დატოვა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნასამართლეობა მოხსნილი აქვს.
ზუგდიდი:
ედიშერ თოლორაია
განათლება
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი ედიშერ თოლორაია იქნა წარდგენილი. იგი სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება
ედიშერ თოლორაია 2002-2006 მუშაობდა ზუგდიდის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2007 წელს იყო საპენსიო სუფსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონული განყოფილების უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად. 2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზუგდიდის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გახდა, 2014 წელს კი არჩეულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იგი ასევე არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმდჯომარე.
ქონებრივი მდგომარეობა
ედიშერ თოლორაიას მიერ 2016 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას ქალაქ თბილისსა და მოსკოვში, ასევე საცხოვრებელ სახლს და მიწის რამდენიმე ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.
ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი ოჯახის წევრები ფლობენ შემდეგ ბიზნესწილებს:
-
მეუღლე მაკა ღურწკაია 2011 წლიდან არის შპს “თბილი კერა 2011-ის” 100% წილის მფლობელი
-
მისი და ეკატერინე თოლორაია არის შპს “ორთეს” 50% წილის მფლობელი.
დეკლარაციის არასრულად შევსება, მათ შორის საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებრივი თუ ეკონომიკური ინტერესების არასრულად ასახვა წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ედიშერ თოლორაიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2014 წელსაც არასრულად ჰქონდა შევსებული.
მარტვილი-აბაშა:
ოთარ დანელია
განათლება
მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია წარადგინეს. ოთარ დანელია საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალისტია, 1995-1996 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1996-2000 წლებში საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში, 1997 - 2002 წლებში კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება
ოთარ დანელია 2001-2004 წლებში იყო წლებში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ასისტენტი; 2004-2007 „კოტ დ’ვუარში გაეროს ოპერაციების“ რეგიონალური წარმომადგენელი, 2008-2011 წლებში „ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის“ პროექტის მენეჯერი, შემდგომში კი პროექტებისა და ბიზნეს ანალიზის დეპარტამენტის უფროსი; 2011-2013 წლებში სს „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსი, 2013-2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2014 წლიდან კი იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას.
ქონებრივი მდგომარეობა
ოთარ დანელიას მიერ 2016 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს ბინას, საცხოვრებელ სახლს, მშენებარე სახლს, არასაცხოვრებელ ფართს, მსუბუქ ავტომანქანას და მიწის ორ ნაკვეთს თბილისსა და სოფელ შინდისსში. დეკლარაციის თანახმად იგი ასევე არის შ.პ.ს. Smart House-ის (ს.კ. - 406038112 ), შ.პ.ს. Mega Construction-ის (ს.კ. - 406074117 ) და შ.პ.ს. Sky Motors-ის (ს.კ. - 401950563) პარტნიორი.
წალენჯიხა-ჩხოროწყუ:
გოგა გულორდავა
განათლება
წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წალენჯიხის მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა იქნა წარდგენილი. გოგა გულორდავა პროფესიით იურიტია, იგი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამუშაო გამოცდილება
გოგა გულორდავა 2000-2007 წლებში მუშაობდა წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2009–2012 წლებში იყო შპს საქართველოს „სატყეო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი; 2008–2011 წლებში TLC (თბილისის იურიდიული ცენტრი) იურისტი; 2011 წელს ასევე იყო შპს „მედია ალიანსის” იურისტი, 2011 წლიდან იკავებდა შპს „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას” დირექტორის პოზიციას.
ქონებრივი მდგომარეობა
2016 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ფლობს ბინასა და არასაცხოვრებელ ფართს ქალაქ თბილისში, ასევე არის შპს “დალმაქს გრუპი-ს” (ს.კ. - 205286992) პარტნიორი, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ დროისათვის შპს “დალმაქს გრუპი-ს” 100% წილის მფლობელი მოქალაქე პაატა ლაგვილა არის.
ნასამართლეობა
გულორდავა 2007 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მას ამჟამად ნასამართლეობა მოხსნილი აქვს.
ხობი:
გოდერძი ბუკია
განათლება
ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ქართული ოცნების მიერ გოდერძი ბუკია არის წარდგენილი. მან 1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1975-1978 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, 1978-1983 წლებში თბილის საქალაქო კომიტეტის, ოქტომბრის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი, 1983-1990 წლებში საბურთალოს რაიკომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის სექტორის გამგე. 1990-1995 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 1995 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთის ფედერაციაში, იმავე წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ბუკია 2004 და 2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2012 წელს ბუკიამ ხობის საარჩევნო ოლქში კენჭი იყარა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ მალევე დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გახდა ფრაქცია “უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების” წევრი.
ქონებრივი მდგომარეობა
დაუდასტურებელი ინფორმაციით გოდერძი ბუკი მრავალმილიონიანი ქონების მფლობელია, თუმცა მის მიერ 2016 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე მანანა კვირიკაშვილი ფლობს მიწის ნაკვეთს წავკისში და მსუბუქ ავტომანქანას. ასევე იკვეთება გოდერძი ბუკიას გარკვეული კავშირები ბათუმის ბულვარის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან, რადგან მისი ქალიშვილი ნათია ბუკია შპს “დრიმლენდ ოაზისი”-ს 8.3% წილის მფლობელია, რომელმაც პირდაპირი შესყიდვის გზით სსიპ “ბათუმის ბულვარს” მიაწოდა ბულვარის განვითარების კონცეფცია.
გოდერძი ბუკიას ორგანიზებით ხობში პერიოდულად ტარდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე”.
სენაკი:
ირაკლი ბერაია
განათლება
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ბერაია წარადგინა. იგი ფლობს საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის ხარისხს, რომელიც ლონდონის, ვესმინსტერის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
სამუშაო გამოცდილება
ირაკლი ბერაია ამჟამად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია, ამავდროულად არის გალის და ერგნეთის ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში ქართული მხარის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
ფოთი:
ირაკლი ხახუბია
ქონებრივი მდგომარეობა
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია იქნა წარდგენილი.
ირაკლი ხახუბია ფლობს წილებს შემდეგ შპს-ებში:
-
შპს “აისბერი 2”-ის 20% წილის მფლობელი
-
შპს Geo Capital Management - 18% წილის მფლობელი
-
შპს Gcm Service - 18% წილის მფლობელი
-
შპს betwin - 30% წილის მფლობელი
-
შპს ჯეონათსი - 25% წილის მფლობელი
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით იგი ფლობს ბინას ქალაქ თბილისში.
ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის 27 აგვისტოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 10 ათასი ლარი შესწირა.

