ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემები: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო
საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემა მოქმედებს და ინფორმაცია თანამდებობის პირთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ვებგვერდის საშუალებით. თუმცა ეს სისტემა რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს, მათ შორის:
- დეკლარირების ვალდებულება არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა მნიშვნელოვან ნაწილზე და მინისტრების მრჩევლებზე
- კანონი არ ითვალისწინებს დეკლარაციებში ინფორმაციის შეტანას თანამდებობის პირის ოჯახის ყველა წევრზე
- რადგანაც, კანონის თანახმად, ქონებრივი დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს წინა დეკლარაციის წარდგენიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ერთი კვირის ვადაში, თანამდებობის პირს, რომელიც დეკლარაციას წელიწადის ბოლო კვირაში წარადგენს, საშუალება აქვს, თავი აარიდოს მომდევნო წლის დეკლარაციის წარდგენას
- ვინაიდან, მოქმედი კანონით, თანამდებობის პირი ბოლო ქონებრივ დეკლარაციას თანამდებობის დატოვებიდან მაქსიმუმ ორ თვეში წარადგენს, არ არსებობს იმის შემოწმების ეფექტიანი მექანიზმი, თუ რამდენად იცავს ის ყოფილი თანამდებობის პირებისთვის საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე მოქმედ შეზღუდვებს
- დეკლარაციებში შესატანი ინფორმაცია არასაკმარისად დეტალიზებულია. მაგალითად, თანამდებობის პირებს არ მოეთხოვებათ დეკლარაციებში მათთან დაკავშირებული კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდებისა და უძრავი ქონების საკადასტრო კოდების მითითება
- საქართველოში არ არსებობს ქონებრივ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმი.
ამ პრობლემებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ:
- შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების სისტემა
- შემოღებულ იქნეს ქონებრივი დეკლარაციების გამარტივებული ფორმები საკრებულოს წევრებისთვის, სადაც ყურადღება მათ ეკონომიკურ ინტერესებზე იქნება გამახვილებული (მათ კავშირებზე კერძო სექტორის კომპანიებთან), რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ინტერსთა შეუთავსებლობის პრევენციას შეუწყობს ხელს
- გაფართოვდეს ოჯახის წევრთა ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ინფორმაციის მითითება სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში
- აღმოიფხვრას კანონის ხარვეზი, რომელიც დეკლარაციის წლის ბოლოს წარმდგენ თანამდებობის პირებს მომდევნო წლის დეკლარაციის წარდგენისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს
- ყოფილი თანამდებობის პირებისთვის დაწესდეს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან სულ მცირე ერთი წლის შემდეგ მაინც
- შემოღებულ იქნეს ქონებრივ დეკლარაციებში კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდებისა და უძრავი ქონების საკადასტრო კოდების მითითების ვალდებულება
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და ორ ძირითად მიზანს ემსახურება: (1) საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესაძლო შემთხვევების აღმოჩენა და პრევენცია; (2) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უკანონო გამდიდრების აღკვეთის მიზნით.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ზოგიერთი ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას (და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნას) ითვალისწინებს, თუმცა, დამტკიცების შემთხვევაშიც კი, შემოთავაზებული ცვლილებები მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სასურველია, რომ ის ცვლილებები, რომლებიც (დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედებისგან განსხვავებით) მასშტაბურ მოსამზადებელ საქმიანობას არ საჭიროებს, უფრო ადრე (მაგალითად, 2016 წლის 1 იანვრიდან) შევიდეს ძალაში, რათა სისტემის არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებული კორუფციული რისკები კიდევ ერთი წლით არ შენარჩუნდეს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას.