პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით

09 აგვისტო, 2016

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუცია (მე-7 მუხლი), როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, ადგენს სახელმწიფოსა და ხალხის ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ერთი მხრივ ცნობს და მეორე მხრივ ვალდებულია დაიცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ხოლო ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით.

სწორედ სახელმწიფოსა და ხალხის (უმრავლესობის) ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციური პრინციპის ერთერთი გამოხატულებაა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომელიც ცალსახად კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს და რითაც კონსტიტუცია იცავს ინდივიდებს უმრავლესობის ტირანიისაგან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი შინაარსის სარეფერენდუმო შეკითხვა წარედგინა: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“. ბუნებრივია, სარეფერენდუმო კითხვის მსგავსი სახით დაყენება პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლებით და პირთა პირად და საოჯახო ურთიერთობებს შეეხება. ხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის უფლებებისთვის იქნება ზიანის მომტანი, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანებს სახელმწიფოში არსებულ ლიბერალური დემოკრატიის ფორმულას და იქცევა საშიშ პრეცედენტად უმრავლესობის ხელში უმცირესობათა და ინდივიდთა უფლებების შესაზღუდად.

კონსტიტუცია, როგორც ცოცხალი დოკუმენტი, მოითხოვს მისი დებულებების საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლისა და განვითარების კვალდაკვალ განმარტებას. ხსენებული - განმარტების ევოლუციური - პრინციპი, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა სამართლისათვის, ადამიანის უფლებათა კონცეფციების განმარტებას მოითხოვს არა ისე, როგორც ის კონსტიტუციის შემუშავების დროს ან თუნდაც რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, არამედ დღევანდელი ცნობიერებისა და განვითარების გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთ მიდგომას იყენებს კონსტიტუციის დებულებათა განმარტებისას და მას ცოცხალ დოკუმენტად აქცევს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია თანასწორობის უფლების, ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების და სხვა უფლებათა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დინამიური განვითარება და კონსტიტუციით გარანტირებული დაცული სფეროს ფარგლების უფრო ვრცლად დანახვა. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა საკითხებზე საფრთხის შემცველი იქნება უფლებათა სამომავლო განვითარებისა და კონსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

სამწუხაროა, რომ სარეფერენდუმო ინიციატივა ღიად მხარდაჭერილია ხელისუფლების მიერ. საქართველოს კონსტიტუციაში სამოქალაქო ქორწინების ცნების ცვლილების საკითხის აქტუალიზება ხელოვუნურად და არაერთხელ მომხდარა. 2016 წლის მარტის თვეში უკვე თავად საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას შემდეგი ფორმულირებით: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას“. აღნიშნულ ცვლილებას ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება გარანტირებული იქნებოდა კონსტიტუციის დონეზე, თუმცა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ქვორუმის უქონლობის გამო ჩავარდა.  

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობათა სამართლებრივ ფორმატში მოქცევის შეასძლებლობას, წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხი არა მხოლოდ აშკარად  და არსებითად აურესებს ლგბტ თემის უფლებებს, არამედ ზოგადად საფრთხის შემცველია თითოეული ინდივიდის  უფლებებისათვის, რამდენადაც მსგავსი რეფერენდუმი, როგორც პრეცედენტი, რომელიც უმრავლესობის ნებით შეცვლის ადამიანის უფლებათა გარანტიებს, კონსტიტუციურ შეზღუდვებს დაუწესებს რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც ერთ მოქალაქეს, მომავალში წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს თითოეული მოქალაქისათვის, რომელიც დღეს რაღაც ნიშნით უმრავლესობაშია და ხვალ სხვა ნიშნით შესაძლებელია აღმოჩნდეს უმრავლესობის ტირანიის მსხვერპლი, რისი თვალსაჩინო მაგალითებიც ისტორიაში მრავლადაა.

ვთვლით, რომ რეფერენდუმის დანიშვნით ხელისუფლება და ის პრორუსული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღიად იბრძვიან ისეთი დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა, მიზნად ისახავენ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების ტრანსფორმაციას პოლიტიკურ მხარდაჭერად, რაც ცალსახად წარმოადგენს ერთგვარ მახინჯ წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშს.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ამავდროულად ხელს შეუწყობს საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად დავიწროებას და მათ მიმართ ჩაგვრის გაზრდას.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS )

არასამთავრობო ორგანიზაცია  "იდენტობა”

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
 
ლგბტ საქართველო
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 
კავშირი "საფარი”
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
 
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო
print