ENG

ფინანსთა სამინისტროს პასუხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში დასმულ შეკითხვებს ღიად ტოვებს

20 მარტი, 2015

 

გუშინ, 19 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა მცირე კვლევა, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაცია 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ არასწორია. ამ ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე არასწორად მივიჩნიეთ ოფიციალური ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯების ათვისების შესახებ. ჩვენს განცხადებას ფინანსთა სამინისტრო გუშინვე გამოეხმაურა.

მიგვაჩნია, რომ სამინისტროს გუშინდელი განცხადება მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და უპასუხოდ ტოვებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ:

1. ამ შემთხვევაში ხდება სახელმწიფო ფინანსების არაეფექტური დაგეგმვა და განკარგვა, რისი მაგალითიცაა 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე დატოვება და მისი გამოუყენებლობა.

ის, რომ ფინანსთა სამინისტრო აღიარებს 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე განთავსებას, მხოლოდ ადასტურებს ჩვენს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს.

ჩნდება კითხვა, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება 82 მილიონი ლარი ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის ქვეანგარიშზე შეტანილიყო, მაშინ როდესაც ამ ანგარიშის ნაშთი წლების მანძილზე საშუალოდ 5 მილიონი ლარია და მისი შევსება ყოველთვის ეტაპობრივად ხდება, ვინაიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის დაბრუნების ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს ერთდროულად არასდროს უდგება.

ამის კიდევ ერთი დასტურია ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, რომელიც დაგვიკავშირდა ჩვენი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ და დაგვიდასტურა, რომ დღესაც ამ ანგარიშზე 70 მილიონ ლარზე მეტია განთავსებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 82 მილიონი დეკემბრის ბოლოს დაბრუნების ქვეანგარიშზე განთავსება საჭირო არ ყოფილა, აჩენს კითხვას იმის თაობაზე, თუ რა საჭიროება არსებობს დღესაც ამ ანგარიშზე 70 მილიონი ლარის განთავსებისათვის და ადასტურებს ჩვენ მიერ გამოთქმულ პრეტენზიას სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ.

ასევე, გაუგებარია, რატომ ვერ ხედავს ფინანსთა სამინისტრო კავშირს ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილს შორის. ის, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა ბიუჯეტის კორექტირება და 82 მლნ ლარის შესაბამის ხარჯვით პროექტებში განაწილება, უფრო ხარჯების დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს და ვერანაირად ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტის ათვისება (დახარჯვა) 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორების დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს კიდევ ერთი გარემოება: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული 2014 წლის ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორების საპროგნოზო მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ფაქტობრივი მონაცემებისგან. საპროგნოზო მონაცემებით დათვლილი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.7 პროცენტი გამოდის, ხოლო საპროგნოზო და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის 0.75 პროცენტული პუნქტით სხვაობა დაგეგმვის საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის შემუშავებას და საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია რომელიც შეძლებისდაგვარად გაფანტავს ეჭვებს, რომ ადგილი ჰქონდა ოფიციალური სტატისტიკით მანიპულირებას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების გამო.

2. დეფიციტის გამოთვლის მეთოდოლოგია კითხვებს აჩენს.

რაც შეეხება დეფიციტის გამოთვლის ასპექტს, მოხარული ვართ, რომ ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი მითითება და შეცვალა თავის ვებგვერდზე დეფიციტის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, გაუგებარია რატომ უარყოფს ამ ფაქტს სამინისტრო: ქვემოთ მოყვანილია სქრინშოთი, რომლიდანაც ჩანს რომ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებული დეფიციტი ნამდვილად 3.2% იყო ჩვენს პუბლიკაციამდე (2015 წლის დასაწყისიდან 19 მარტამდე).

გუშინ ჩვენი ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, ეს მონაცემი შეიცვალა 3%-ით, რაც ჩანს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ქვემოთმოყვანილ გრაფიკზე.

გაუგებარია, ჩვენი პუბლიკაციის გამოქვეყნებისთანავე როგორ შეიცვალა დეფიციტის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც დეფიციტის გამოთვლის მეთოდოლოგია უცვლელი დარჩა.

ჩვენთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა სამინისტრომ ეს 82 მილიონი ლარი დეფიციტში მაშინ, როდესაც დეფიციტის დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, დეფიციტში დაბრუნების ქვეანგარიშის ნაშთიც აისახება, რამაც გაამყარა ჩვენი ეჭვები ამ თანხასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხმობილ საბიუჯეტო კოდექსის და საგადასახადო კოდექსის მუხლებს, ისინი სრულიად არარელევანტურია, რადგან ეს მუხლები არ განსაზღვრავს იმას, თუ რა ოდენობის თანხები უნდა მიიმართოს/არ უნდა მიიმართოს დაბრუნების ქვეანგარიშზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზად არის, ითანამშრომლოს ფინანსთა სამინისტროსთან პროფესიონალური ეთიკის დაცვით, მისი თანამშრომლების კომპეტენტურობისა და კვალიფიციურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გარეშე.