ENG

პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭოს ფორმირება

27 დეკემბერი, 2013

დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ 6 კანდიდატს, საიდანაც სამმა - სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, ლელა გაფრინდაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, ნინია კაკაბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, გენადი გელაძემ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატი - მარინა მუსხელიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული კანდიდატი - ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი - ნათელა სახოკია.

10 დღის ვადაში აჭარის უმაღეს საბჭოს, სახალხო დამცველს, უმრავლესობასა და უმრავლესობას მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ პარლამენტს ხელახლა შესთავაზონ საკუთარი კანდიდატები დასამტკიცებლად. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას (არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა), წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ მათთვის კანონით დადგენილი 3-3 კანდიდატი არ წარადგინეს, რის შედეგადაც სხდომაზე 9 კანდიდატის ნაცვლად, პარლამენტმა კენჭი 6 კანდიდატს უყარა.

შემაშფოთებელია, რომ აღნიშნული ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრებმა პროცესის ხელოვნურ შეფერხებად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ კომისია მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. მათი განცხადებით, პოლიტიკური ძალები კვლავ ცდილობენ გააკონტროლონ საზოგადოებრივი მაუწყებელი. მეტიც, კომისიის წევრი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობასა და უმცირესობას “ამ სიაში დააკლდათ ის ადამიანები, ვინც უნდოდათ და გაუჭირდათ იმ ადამიანების შერჩევა, ვისზეც მოახდენენ პოლიტიკურ გავლენას.”

საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული თითქმის ათწლიანი კრიზისის გათვალისწინებით, სამწუხაროა, რომ ვერც ამჯერად მოხერხდა ბორდის ფორმირების შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა, სადაც ადგილი არ ექნებოდა პოლიტიკურ სპეკულაციებს. პოლიტიკურად მიუკერძოებელი და პროფესიულად მრავალფეროვანი საბჭოს დაკომპლექტება უპირველეს ყოვლისა პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში როდესაც ამის მისაღწევად, ამ ეტაპზე, არანაირი წინაღობა არ არსებობს.

ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, რომ იხელმძღვანელონ და პატივი სცენ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს და იმ სულისკვეთებას, რაც 2013 წელს კანონში სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესის ცვლილებას ახლდა თან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების მიმდინარე პროცესი კანონის სრული დაცვით გაგრძელდეს. კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილია საპარლამენტო საკონკურსო კომისიასთან კონსულტაციების გამართვა, რათა (დადგენილი ვადების დარღვევის მიუხედავად) საბოლოოდ მოხდეს კომისიის მიერ წარმოდგენილი სიიდან 9 კანდიდატის წარდგენა.

სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევის მოკლე აღწერა

ათდღიანი მუშაობის შემდეგ ცხრაწევრიანმა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ 68 მსურველიდან 27 კადიდატი აირჩია და პარლამენტს, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველს წარუდგინა. კანდიდატები მათი პროფესიული გამოცდილების, მათ მიერ მიერ მომზადებული საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის პირდაპირ ეთერში განხილვისა და სატელევიზიო დებატების შედეგად შეირჩნენ.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით და პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობის გათვალისწინებით, ორ კანდიდატს სახალხო დამცველი, ერთს აჭარის უმაღლესი საბჭო, სამ-სამ კანდიდატს კი საპარლამენტო უმრავლესობა და სამს საპარლამენტო უმცირესობა ასახელებენ.

ამ 27 კანდიდატიდან აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენადი (გენო) გელაძის კანდიდატურა დაასახელა (კანონით განსაზღვრული რიგითობით, სახალხო დამცველი და აჭარის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს პირველები ასახელებენ). გელაძე პროფესიით იურისტია და ევროკავშირის დაფინანსებით აჭარაში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, 2013 წლიდან კი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წევრია.

პარლამენტს ორი კანდიდატი წარუდგინა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. მან 27 კანდიდატიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოების კვლევის ცენტრის” დირექტორი მარინა მუსხელიშვილი შეარჩია. მუსხელიშვილი 2013 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველია.

მას შემდეგ რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ და სახალხო დამცველმა თავიანთი კანდიდატები წარადგინეს, სამი კანდიდატის ნაცვლად ორი დაასახელა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ესენი არიან ჟურნალისტი და კინომცოდნე  ნინია კაკაბაძე და ჟურნალ „ტაბულას“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ თანადამფუძნებელი  - ქეთევან მსხილაძე.

კანონით განსაზღვრული კვოტა სრულად არ გამოიყენა არც კოალიცია ქართულმა ოცნებამ და მხოლოდ ერთი კანდიდატი - ნათელა სახოკია დაასახელა. სახოკია კომპიუტერული სისტემების სპეციალისტი და 2013 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „მრჩეველთა ჯგუფის“ წევრია.

GMedia