ENG

ოფშორული აქტივების სკანდალი და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში

06 აპრილი, 2016

 

ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ კვლევამ (ე.წ. Panama Papers) სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების ოფშორული აქტივების შესახებ. ჟურალისტურ გამოძიებაში ფიგურირების საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელიც.

კვლევის მიხედვით, ბატონი ივანიშვილი არაპირდაპირ (მის საკუთრებაში მყოფი სხვვა კომპანიის მეშვეობით) ფლობდა კომპანია Lynden Management-ს. ეს ინფორმაცია მას არ ჰქონდა მითითებული თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს აქვს შევსსებული.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში „ვის ეკუთვნის ქართული მედია?“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახი ოფშორული სუბიექტების საშუალებით რიგ კომპანიებს ფლობდა საქართველოში, რომლებიც მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ იყო.

მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპი გულისხმობს, რომ თანამდებობის პირებმა საზოგადოებას მაქსიმალურად სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მათი ქონებისა და კომერციული ინტერესების შესახებ, რაც ხელისუფლებაში კორუფციის პრევენციის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. რაც შეეხება ოფშორულ კომპანიებს, ასეთ კომპანიაში მონაწილეობა თავისთავად სამართალდარღვევა არ არის. თუმცა, ვინაიდან ოფშორული კომპანიები ხშირად გამოიყენება გადასახადების თავის არიდების, ფულის გათეთრების და სხვა დანაშაულებივი საქმიანობისთვის, თანამდებობების პირებისა და პოლიტიკოსების კავშირი ასეთ კომპანიებთან ყოველთვის კითხვებს ბადებს და უარყოფითად აისახება მათ რეპუტაციაზე.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირებმა ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიტანონ ინფორმაცია საქართველოში და საზღვარგარეთ სამეწარმეო საქმიანობაში მათი და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობის შემთხვევაში. დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ისე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა გამოავლინეს, როცა, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, თანამდებობის პირებს ქონება ან კერძო კომპანიებთან კავშირი დეკლარიებული არ ქონდათ (იხილეთ, მაგალითად, ჩვენი კვლევა პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ინტერესების შესახებ), თუმცა არც ერთ ასეთ შემთხვევას სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი პირდაპირ მიუთითებს აუცილებლობაზე „მიღებულ იქნას ადეკვატური ზომები საზოგადოების ყველა დონეზე, რათა მოხდეს კორუფციის, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციის, პრევენცია, გამოვლენა და მასზე რეაგირება.“ თუმცა, ზემოხსენებული და სხვა მსგავსი შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის ეფექტური მექანიზმი საქართველოში დღეს არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს თანამდებობის პირებს და შესაბამის ორგანოებს ყურადღებით და პაუსხისმგებლობით მოეკიდონ ქონებრივი დეკლარაციების შევსების საკითხს. გარდა ამისა, ჩვენი ორგანზიაცია ემხრობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოსაძიებლად.