მთავრობა ტელეკომპანია „მაესტროს“ არ უნდა კიცხავდეს კრიტიკული სიუჟეტის გამო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მთავრობა ტელეკომპანია „მაესტროს“ არ უნდა კიცხავდეს კრიტიკული სიუჟეტის გამო

20 მაისი, 2014

დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც  ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში 18 მაისს გასული სიუჟეტი გააკრიტიკა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სიუჟეტი ტენდენციურ ხასიათს ატარებდა და ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა ისეთი სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი სიუჟეტში დაშვებულ რაიმე ფაქტობრივ შეცდომაზე, არამედ მასში, პრაქტიკულად, ჟურნალისტის დამოკიდებულებაა გაკრიტიკებული. მთავრობის პოზიციით, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა, რისი გამყარებისთვისაც მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და „ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა.“

მთავრობის ასეთი ტონი შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი მედიაგარემო სწორედ იმას გულისხმობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული განსხვავებული და კრიტიკული აზრი მთავრობის თავდასხმის მიზეზი არ ხდება.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი მთავრობა ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობას საჯაროდ აფასებს და ცდილობს მედიის წარმომადგენლებს „ასწავლოს“, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები. მთავრობის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება, ასევე, გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო მოხელეების მიმართ იმის თაობაზე, რომ მედიასთან ურთიერთობის ეს ფორმა ნორმას წარმოადგენს.

ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. ასევე, ხელისუფლების საქმიანობისა და პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების კრიტიკული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რათა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. მედიის მხრიდან მთავრობის მუშაობის მონიტორინგი და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. სწორედ ეს, ხშირად უსიამოვნო, საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას.

ვფიქრობთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად მიაწოდონ მოსახლეობას კრიტიკული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების მხრიდან შეფასებული უნდა იყოს, როგორც უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და არ შეიძლება გახდეს კრიტიკისა და მედიის საქმიანობაში ჩარევის საბაბი.

 

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. განცხადების შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და აშშ-ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

print