ENG

ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამოქალაქო ჟურნალისტურ საქმიანობას

09 სექტემბერი, 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული „რეიდების“ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოქალაქეთათვის საჯარო ადგილას მობილური ტელეფონით თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით ვიდეოგადაღების აკრძალვის, მასალის წაშლისა და, რიგ შემთხვევებში, დაკავების გამო.

გასულ კვირას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში მომხდარ მძიმე დანაშაულთა შემთხვევებს გამოეხმაურნენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნოს დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, უზრუნველყოს დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა მედიისა და საზოგადოებისათვის და შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა.

დანაშაულთან ბრძოლა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება ხელისუფლების და, კონკრეტულად, სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს. ამ პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფო არ უნდა ლახავდეს მოქალაქეთა უფლებებს და ნებისმიერ შეზღუდვას თუ აკრძალვას ჯეროვნად ასაბუთებდეს.

უდავოა, რომ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რასაც მედიის თუ ხელისუფლების მიერ გავრცელებული არაერთი განცხადება თუ კომენტარი ცხადყოფს. შესაბამისად, მიუღებულია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათ მიერ საჯარო სფეროში განხორციელებული ქმედებების აუდიო-ვიდეო გადაღებისათვის ხელის შეშლა. საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაციის გადაღება-გავრცელების უფლება აქვს არა მარტო პროფესიით ჟურნალისტ პირებს, არამედ – ნებისმიერ მოქალაქეს. ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, სამოქალაქო ჟურნალისტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება და მოქალაქეების მიერ ამ საქმიანობის განხორციელების უფლების დაცვისკენ სახელმწიფოებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროკომისია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას და, კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, ხელი არ შეუშალონ მოქალაქეებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას. ასევე, აუცილებელია, სამართალდამაცავი ორგანოების წარმომადგენლებს განემარტოთ შესაბამისი ვალდებულებები მოქალაქე ჟურნალისტების საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის.