ENG

მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადოს

05 ნოემბერი, 2014

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანომდებლო პაკეტი, რომელიც სოციალური რეკლამის რეგულაციას შეეხება. სხვა საკითხებთან ერთად, ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ორგანოს და მაუწყებელს შორის დავის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხილვას, იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან კონკრეტული რეკლამა სოციალური რეკლამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო მაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება კანონპროექტის მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გამართულ დამატებით შეხვედრაზე მაუწყებლების  და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააცნეს საკუთარი პოზიცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებების პროექტით კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის დამატებითი ფუნქციის მინიჭება მაუწყებელთა სარედაქციო დამოუკიდებლობას შეზღუდავს. ამასთან, იზრდება რისკი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. სოციალური რეკლამის განმარტება რჩება ბუნდოვანი და კანონი არ ითვალისწინებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კონტექსტს.

მაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დროებით შეეჩერებინათ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა და შეექმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვებოდნენ მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რომლის ფარგლებშიც, განხილული იქნებოდა ალტერნატიული წინადადებები.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენით ისე მიიღო, რომ გათვალისწინებული არ იყო კერძო მაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები და ვერც დამატებითი შეხვედრა შედგა საკანონმდებლო ორგანოში ალტერნატიული წინადადების წარსადგენად.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტს, ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სოციალური რეკლამის საკითხს არეგულირებს. მოვუწოდებთ პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მედიის სექტორის შესახებ მარეგულირებელი ნორმების მიღებისას გაითვალისწინონ, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინონ მედიაგარემოზე საქართველოში. ყოველივე ამის გამო, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მედიის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას შევხვდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს მედიის სამომავლო მარეგულირებელი ნორმების განხილვის მიზნით.  

 

ტელეკომპანია რუსთავი 2

ტელეკომპანია მაესტრო

პალიტრა მედია

ტელეკომპანია ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)