„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაცემასთან დაკავშირებით პარლამენტს და მთავრობას მიმართავს
გუშინ, 28 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ღია წერილით მიმართა მთავრობას (პრემიერმინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს) და პარლამენტს (პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს), სადაც გამოთქმულია შეშფოთება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის მმართველობიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობის ქვეშ გადადის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ღრმად არის შეშფოთებული არა მხოლოდ კანონპროექტით შემოტანილი პრინციპული ცვლილებით, არამედ მისი განხილვის პროცესით და იმ ფაქტით, რომ ამგვარი ცვლილება არ ხდება შესაფერ დროს, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში ამ ინსტიტუტის წარმატებით განვითარებას.
როგორც წერილში აღვნიშნეთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური არ უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლების მმართველობის სფეროში შემდეგი მიზეზების გამო:
-
ევროპის იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ფინანსური მონიტორინგის უწყებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებობს, ხელისუფლების შიგნით არსებობს ურთიერთკონტროლის და კომერციული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები, რაც საქართველოში რიგ შემთხვევებში არ არსებობს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი საკმაოდ სუსტია. ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, სრულყოფილად არ ამოქმედებულა პირად მონაცემთა დაცვის სისტემა.
-
ეს გადაცემა კიდევ უფრო გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა საბჭოს (Moneyval) 2012 წლის შეფასება, გარკვეული პრობლემატური საკითხების მიუხედავად, უმეტესწილად დადებითი იყო და 2007 წლის შეფასებასთან შედარებით არაერთი მიმართულებით აჩვენა პროგრესი.
-
საქართველოს სასამართლო სისტემა გაძლიერდა, თუმცა იგი საჭიროებს შემდგომ რეფორმებს, რათა მან მიაღწიოს დამოუკიდებლობის ისეთ დონეს, როგორიც ეს იმ ქვეყნებშია, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურები აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არიან.
მიზეზები, რის გამოც არსებული ინსტიტუციური მოწყობა ხელს შეუწყობს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობას, ვფიქრობთ, შემდეგია:
-
ეს სამსახური დღეს არის დამოუკიდებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის საჯარო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირი (სსიპ);
-
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, პრემიერმინისტრი ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით;
-
ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსდება ეროვნული ბანკის და არა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ.
შემოთავაზებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ცვლის არსებულ ინსტიტუციურ მოწყობას და ვერ იძლევა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოპერაციული დამოუკიდებლობის გარანტიას.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცალკევება აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობისგან მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ურღვევობისთვის და როგორც ამ სამსახურის დამოუკიდებლობის, ისე იმისთვის, რომ ეს სამსახური დამოუკიდებელ ინსტიტუტად აღიქმებოდეს. მოგეხსენებათ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად ესაჭიროება წვდომა კონფიდენციალურ საბანკო მონაცემებზე და ასევე კომერციულად სენსიტიურ ინფორმაციაზე. ეს არის ინფორმაცია, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არც წვდომა და არც მასზე კონტროლის საშუალება.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას კანონპროექტის გადახედვისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვინაიდან დაინტერესებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას ეს კანონპროექტი პრაქტიკულად არ განუხილავს, პარლამენტი არ მიიღებს მას და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დააბრუნებს მას უფრო დეტალური განხილვისთვის.