კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურვას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურვას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

14 აგვისტო, 2015

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, რომელიც გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა. კერძოდ, 20 ივლისს დაიწყო და რამოდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან. წინა წლებისაგან განსხვავებით, გასაუბრებები დახურულ ფორმატში წარიმართა საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებაში გასულ წელს შესული ცვლილების თანახმად. კანდიდატების კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია უკიდურესი დაგვიანებით განთავსდა საბჭოს ვებგვერდზე. ამან პრაქტიკულად წაართვა შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს, დასწრებოდნენ და შეეფასებინათ პროცესი.

ზემოაღნიშნულს კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის მიმართულებით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესის დახურვა კი ვერ შეუწყობს ხელს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და მისი ავტორიტეტის ამაღლებას პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოების თვალში. ამავე დროს, გასაუბრებების დახურული ფორმატი არ შეესაბამება საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდის ბოლო წლებში დაფიქსირებულ ტენდენციას.

2014 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის 9 ოქტომბრის #308 გადაწყვეტილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება საბჭოს დახურულ სხდომაზე. აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე საბჭოში დამკვიდრებული იყო გასაუბრებების ღიად ჩატარების პრაქტიკა. სწორედ ასეთმა ფორმატმა, და გასაუბრების პროცესზე რამდენიმეწლიანმა დაკვირვებამ, შესაძლებლობა მისცა სამოქალაქო საზოგადოებას, დინამიკაში დაენახა ის პროგრესი, რასაც მიაღწია საბჭომ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხარვეზები, და შეეთავაზებინა მათი აღმოფხვრის გზები.

იმ პირობებში, როდესაც საბჭოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს, და მის ინდივიდუალურ წევრებს არ აკისრიათ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული არც დადებითი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ღიაობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას დაინტერესებული პირებისათვის, რომ არასრული ფორმით, მაგრამ მაინც დააკვირდნენ შერჩევა-დანიშვნის პროცესს, გამოკვეთონ და გაასაჯაროვონ ამ პროცესის დადებითი თუ ნაკლოვანი მხარეები და გარედან დაეხმარონ სისტემას მის გაჯანსაღებაში. ამ პროცესის დახურვით კი სრულად შეუძლებელი ხდება გარეშე პირებისათვის იმის შეფასება, როგორ მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

იმის გათვალისწინებთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, კოალიციას მიაჩნია, რომ საბჭომ გამჭვირვალობისა და ღიაობის სასარგებლოდ უნდა შეცვალოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის მარეგულირებელი წესები. კოალიცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს აღნიშნული საკითხის განხილვას და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში.

print