იუსტიციის მინისტრი სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აკრიტიკებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იუსტიციის მინისტრი სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აკრიტიკებს

26 ოქტომბერი, 2015

 

24 ოქტომბერს სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების წესის განხილვისას, იუსტიციის მინისტრმა საყვედური გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საქართველოს უზენაესი სასამართლო თანამშრომლობენ ელექტრონულ საქმეთა განაწილების წესის დანერგვის კუთხით. მინისტრის განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რამეს ნერგავდეს ან წყვეტდეს და ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ასევე მან გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ორგანიზაციისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობის საკითხი მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მინისტრს ამ განცხადებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც დაეთანხმა და მანაც აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შესახებ არაფერი იცოდა.  

მიგვაჩნია, რომ საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ცვლილებაა, რაც ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით განხორციელებულა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტი იხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნაწილი სწორედ საქმეთა განაწილების წესია. წლების განმავლობაში საერთო სასამართლოთა სისტემაში საქმის განაწილების განჭვრეტადი და მანკიერი წესი მოქმედებს, რომელიც საქმეთა განაწილების ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა, კორუფციისა და პოლიტიკური გავლენის უდიდეს რისკებს წარმოშობს. საქმეთა განაწილების დღეს მოქმედი წესი განსაკუთრებით გახმაურებული საქმეების შემთხვევაშია პრობლემური. დღეს მოქმედი წესი არაერთხელ გამხდარა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და მივესალმებით საქმის განაწილების ელექტრონული წესის ინიციატივას, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და სასამართლოთა თავმჯდომარეებს არ მისცემთ პროცესში ჩარევის საშუალებას. შედეგად მან უნდა შექმნას შესაძლებლობა, რომ საქმეთა განაწილება ობიექტურად განხორციელდეს.  

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს შესაბამის ცვლილებებს (მათ შორის საქმის ელექტრონული წესით განაწილების სისტემას), კანონით სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ახალი ელექტრონული წესის დანერგვა (საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი). იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისევე როგორც მის თავმჯდომარეს, განსაკუთრებული როლი აკისრიათ ამ მიმართულებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (რომელიც ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეცაა) აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან (მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“) საქმეთა განაწილების ახალი წესის ეფექტური დანერგვის უზრუნველსაყოფად, რაც მისასალმებელია და ცალსახად მიმართულია პროცესის ეფექტურად განხორციელებისკენ. გაუგებარია რატომ ხდება იუსტიციის მინისტრის კრიტიკის საგანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამყარებული ღია და პროგრესული ურთიერთობები.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქვს განსაკუთრებული გამოცდილება მართვის ელექტრონული და ტექნოლოგიური მეთოდების დანერგვის კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ბევრ უწყებასთან და მათ შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან. უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში, ჩვენი მიზანია სასამართლოს ღიაობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და მისი ტექნოლოგიური განვითარება. აღნიშნულ აქტივობას ჩვენი ორგანიზაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სასამართლოსთან ჩვენ მიერ წარმატებით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი უზენაესის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაა, რომელიც უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გამოყენება. ასევე, ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით ვმუშაობთ თბილისის საააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ბიბლიოთეკის განვითარებაზეც. გვაქვს სურვილი, დავეხმაროთ უზენაეს სასამართლოს საქმეთა განაწილების ურთულესი სისტემის პროგრამული უზრუნველყოფაში, რომელიც ჩვენი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნება და უფასოდ გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ადმინისტრირებისთვის. პროგრამა მხოლოდ კანონითა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით შეიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს პროგრამაში კონკრეტული მოთხოვნის ჩადების კუთხით.

ვწუხვართ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მეშვეობით დონორების ძალისხმევას, ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ზრდას. ასევე, ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სხვადასხვა ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დისკრეციაა, აქედან გამომდინარე, იუსტიციის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაეს სასამართლოს მისთვის უნდა შეეთანხმებინა ჩვენთან თანამშრომლობის ფორმატი, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. ვფიქრობთ, აღნიშნულმა განცხადებამ შესაძლოა პროცესის გაჭიანურებასაც შეუწყოს ხელი, რაც სასამართლოში არსებული არაპროგრესული ჯგუფების (ჯგუფები, რომელბიც საქმის განაწილების ელექტრონულ წესს ეწინააღმდეგებიან) წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივებს სამოქალაქო საზოგადოებიასთან აქტიური თანამშრომლობის კუთხით.

ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გაითვალისწინებენ იუსტიციის მინისტრის მოწოდებებს და კვლავაც გააგრძელებენ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლების ყველა შტოსთან და ხელი შეუწყოს საქართველოში ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის დანერგვას.

print