განცხადება ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებით შსს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებით შსს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე

10 თებერვალი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება და საკანონმდებლო ცვლილებებით შემოთავაზებული “ფარული პატრულირება” ადამიანის პირადი ცხოვრების და პერსონალურ მონაცემების დარღვევად შეაფასა.   

საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეეცადნენ განემარტათ უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ნორმების არსი.  განმარტება და კანონპოექტის ინიცირებული ვარიანტი არ შეესაბამება ერთმანეთს და რეგულირების სხვადასხვა წესს შეიცავს, კერძოდ:  

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტების მიხედვით, ფარული ვიდეოგადაღების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იქნება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ,  ,,ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას". თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტით შსს ცვლიდა დღევანდელ მის განცხადებაში მითითებულ მუხლს1 და  გამონაკლისს შემთხვევებს უშვებდა. მაშასადამე შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით,  უკანტაქტო პატრულირების დროს არ მოხდება ვიდეოტექნიკის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მითითება თვალსაჩინო ადგილას.  გაუგებარია დღევანდელ განცხადებაში, რატომ მიუთითებს შსს მოქმედ ნორმაზე და არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ამ ნორმის შეცვლას აპირებს.

  • შსს, განცხადებით უკონტაქტო პატრულირება და ფარული პატრულირება განსხავდება ერთმანეთისაგან. უკონტაქტო პატრულირების განხორციელება გულისხმობს მხოლოდ კამერების განთავსებას საჯარო ადგილებში შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნებით.  შემოთავაზებული ცვლილებები მოიცავს არა მხოლოდ  უკონტაქტო პატრულირებას, არამედ ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას პატრულირების მიზნით.

კიდევ ერთხელ განვმართავთ, რომ ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა უფლების შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ამგვარი შეზღუდვა მხლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა გამოძიების დროს, სასამართლოს ნებართვის გარეშე შეიძლება განხორციელდეს.  ყველა სხვა შემთხვევაში ვიდეო და აუდიო ჩაწერას უნდა ახლდეს გამაფრთხილებელი ნიშანი.  ვენეციის კომისიამ 2007 წლის დასკვნაში, რომელიც შეეხებოდა საჯარო ადგილებში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ვიდეო გადაღებებს მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია  თვალსაჩინოდ მიეთითოს  ვიდეო გადაღების არსებობის შესახებ. აღნიშნული ემსახურება  პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ინტერესს.

იმ შემთხვევაში თუ შსს შეცვლის შემოთავაზებული კანონის დებულებებს და მოსახლეობას წინასწარ შეატყობინებს, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკონტაქტო პატრულირება და შესაბამისად ვიდეო გადაღება, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ვიდეოკამერები განთავსდეს უძრავ საგნებზე ან ამოსაცნობი ნიშნის მქონე პოლიციის მანქანაზე და რა საჭიროებას წარმოადგენს, რომ კამერები განთავსდეს პოლიციის სარგებლობაში არსებულ სამოქალაქო მანქანებზე. ასევე საინტერესოა, ექნებათ თუ არა მათ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას, პირის შეჩერების უფლება. თუ ასეა რა პროცედურებით მოხდება ყოველივე.

__________________________________________________________________

1„გარდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების შემთხვევებისა“.