„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (16:00-20:00) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (16:00-20:00)

15 ივნისი, 2014

კენჭისყრის დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქვეყნის მასშტაბით 25-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა აქვს დაფიქსირებული. ჩვენს დამკვირვებლებს 20:00 საათისთვის 15 საჩივარი აქვთ დაწერილი. მთლიანობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთი ოლქი – მაგალითად, მარტვილი და ზუგდიდი – დარღვევების რაოდენობითა და დაძაბულობით გამოირჩეოდა.

16:00-დან 20:00 საათამდე ჩვენ მიერ დაფიქსირებული შემდეგი ფაქტებია აღსანიშნავი:

  • დღის ბოლოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში შეინიშნებოდა სამარშრუტო ტაქსებით ამომრჩევლის მობილიზების ტენდენცია;
  • ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #8 უბნის ეზოში სოფლის რწმუნებული და „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტები აგიტაციას ეწეოდნენ უბნის ეზოში და ემუქრებოდნენ ამომრჩეველს, თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდნენ ხმას, სოციალური დახმარება მოეხსნებოდათ. ამასთანავე, ეს პირები აგრესიულად ექცეოდნენ დამკვირვებლებს და უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს;
  • ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #42 უბანზე ერთ-ერთ ოთახში აღმოჩნდა ბიულეტენები. მიღება-ჩაბარების აქტი უბანზე შევსებული არ იყო, შესაბამისად არ იყო მითითებული უბანზე მიღებული ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
  • მარტვილის საარჩევნო ოლქის #8 უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი ფარანი;
  • ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #11 უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა შემაჯამებელმა ოქმს წინასწარ მოაწერეს ხელი.

მთლიანობაში ყველაზე მეტი პრობლემა დილის საათებში შეინიშნებოდა, დღის მეორე ნახევარში კი ხარვეზების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია ჩვენი დამკვირვებლების მიერ დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემდეგი დარღვევები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მხრიდან დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები 5 უბანზე;
  • უბნებზე პარტიების მიერ კანონით დაშვებულზე მეტი წარმომადგენლის ყოლა 4 შემთხვევაში;
  • მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები 5 უბანზე;
  • გადასატან ყუთების სიებში უზუსტობების პრობლემა 2 უბანზე;
  • ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები 2 უბანზე;
  • ხმის მიცემა არასათანადო დოკუმენტაციით ასევე 2 უბანზე.

კენჭისყრის დღის მოვლენების საბოლოო შეფასებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ორშაბათს, 16 ივნისს, 13 საათზე წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში. 

 

print