განცხადება სს „მეტრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება სს „მეტრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე

11 თებერვალი, 2016

 

ქალაქ ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროვატობუსების მძღოლების 5 დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, კომპანია “მეტრო ჯორჯიამ” ზუგდიდი-თბილისის დაგეგმილი რეისების განხორციელება ვერ შეძლო.

აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები მოითხოვდნენ, რომ კომპანია “მეტრო ჯორჯიას” არ ჰქონოდა მგზავრების გადაყვანის უფლება. მათი განმარტებით, კომპანია “მეტრო ჯორჯია” მომხმარებლისათვის კომფორტული სერვისის შეთავაზებას გეგმავდა, რის შედეგად მძღოლები ამ სახის კონკურენციას ვერ გაუძლებდნენ და შემოსავლის გარეშე დარჩებოდნენ.

2012 წელს კომპანია “მეტრო ჯორჯია” ჯერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად,  ხოლო შემდგომ, 2014 წელს - სააქციო საზოგადოებად დარეგისტრირდა. “მეტრო ჯორჯიას” დირექტორთა საბჭოს წევრები  საქართველოს მოქალაქეები: რობერტ ფერდმანი და მიხეილ დობორჯგინიძე, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ონურ თანრივერდი არიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბრისას, “მეტრო ჯორჯიას” ერთ-ერთმა დირექტორმა, მიხეილ დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ კომპანიას საერთაშორისო თურქულ სატრანსპორტო კომპანია “მეტროსთან” ფრენშაიზინგის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ხოლო თავის მხრივ, კომპანია “მეტრო ჯორჯიასთან” მსგავსი ფრენშაიზინგის ხელშეკრულება 2015 წელს ზუგდიდში დაფუძნებულმა შპს “მეტრო +-მა” გააფორმა.

მიხეილ დობორჯგინიძის თქმით, კომპანია “მეტრო+-მა” “მეტრო ჯორჯიასგან” ლიზინგის წესით 7 ავტობუსი შეიძინა და “მეტროს” სტანდარტების შესაბამისად მგზავრების მომსახურების  ვალდებულება იკისრა.  

ქალაქ ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები 5 დღის განმავლობაში გაფიცვას მართავდნენ. მათ ბლოკირებული ჰქონდათ ქალაქ ზუგდიდში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორია, ვინაიდან კომპანია “მეტრო ჯორჯია” მგზავრების გადაყვანას სწორედ ავტოსადგურის ტერიტორიიდან გეგმავდა.

შპს “ავტოსადგურის” ადვოკატმა ჯიტა გულუამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელთან განაცხადა, რომ აღნიშნულ შპს-სა და კომპანია “მეტრო +-ს” შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 20 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია “მეტრო +-მა” შპს “ავტოსადგურისაგან” 54 კვ.მ ფართი იქირავა, რომელიც მას  ავტობუსების პარკირებისა და მგზავრთა ჩასხდომისათვის უნდა გამოეყენებინა. თუმცა, ჯიტა გულუას თქმით, შპს “ავტოსადგურის” დირექტორმა, ირა ნადარაიამ კომპანია “მეტრო +-თან” ხელშეკრულების ხელმოწერამდე მისი გაფორმებისა და პირობების შესახებ შპს “ავტოსადგურის” მეწილეებს ინფორმაცია არ მიაწოდა. გულუას ინფორმაციით, აქციონერებსა და ავტოსადგურის დირექტორს შორის დაპირისპირება სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია შპს-ს მეწილეების კრება, რის შემდეგ ირა ნადარაია დირექტორის თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს, შპს “ავტოსადგურმა” კომპანია “მეტრო+-თან” გაფორმებული ხელშეკრულება ცალხმრივად გააუქმა. შედეგად “მეტრო +” ავტოსაგურის მიმდებარე ტერიტორიით ვერ ისარგებლებს. ჯიტა გულიას განცხადებით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო შპს “ავტოსადგურს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2000 ლარის ოდენობის თანხის ჯარიმის სახით გადახდა დაეკისრება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები მძღოლების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბესიკ თაქთაქიშვილსაც ესაუბრნენ. მისი თქმით,  ავტოსადგურში დასაქმებულები არ დაუშვებენ კომპანია “მეტროს”, ისევე როგორც  ნებისმიერი სხვა კომპანიის საქმიანობას ადგილობრივ ბაზარზე. მისივე თქმით, ადგილობრივი მძღოლები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მგზავრთა ნაკადის გაზრდას გეგმავენ.

ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე მძღოლების საპროტესტო აქციების დროს, კომპანია “მეტრო +-მა”, რეისის განხორციელება ორჯერ სცადა, თუმცა,  1 თებერვალს, გაფიცულმა მძღოლებმა პროტესტის ნიშნად კომპანიის კუთვნილ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს. აქციაზე ასევე თურქოფობიური განცხადებები გაკეთდა, შედეგად პოლიციამ 10 მძღოლი დააკავა.

კომპანია “მეტრო ჯორჯიას” დირექტორმა მიხეილ დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ კომპანია ზუგდიდში საქმიანობას აუცილებლად დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღარ არიან უფლებამოსილი, რომ ისარგებლონ შპს “ავტოსადგურის” კუთვნილი ტერიტორიით, კომპანია უახლოეს მომავალში ავსტოსადგურის მოწყობისათვის ალტერნატიული ფართის მოძიებასა და ზუგდიდი-თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის დაწყებას კვლავ გეგმავს. მიხეილ დობორჯგინიძის განცხადებით, სასურველი მიზნის მიღწევასა და მომავალში შესაძლო პრობლემების გადაჭრას კომპანია “მეტრო ჯორჯია” სამართლებრივი საშუალებებით უზრუნველყოფს..

სატრანსპორტო კომპანიები მგზავრთა გადაყვანისას ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით განსაზღვრული რეგულაციები,  ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები. ორივე დოკუმენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესებს განსაზღვრავს, ასევე მზგავრთა გადამყვანებს უწესებს ვალდებულებას შექმნან მომსახურების თანამედროვე პირობები. ორივე დოკუმენტის ანალიზით ცხადყოფს, რომ არ არის გაწერლი შესასრულებელ მოთხოვნათა ინსპექტირების წესები, შესაბამისად, არ ხდება მგზავრთა გადამყვანი კომპანიებისა თუ ცალკეული პირების შემოწმება - გაუმართავი და სტანდარტებთან შეუსაბამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება კი არაერთხელ გამხდარა ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკანონო ჩარევით საერთო სარგებლობის ბაზრიდან ახალი კომპანიის გამიჯვნისაკენ ან/და უკვე მოქმედი გადამზიდავების უფლებების შელახვისაკენ იქნება მიმართული, საგამოძიებო უწყებების მიერ  რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ორგანიზაციის პოზიციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა სიტუაციის დაძაბვისა და კომპანია “მეტრო ჯორჯიას” საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის აღსაკვეთად.

ზუგდიდში ახალი სატრანსპორტო კომპანიის გამოჩენა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების გაღრმავების თვალსაზრისით გადადგმული დადებითი ნაბიჯია. ამდენად,  ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ახალ კომპანიას, ასევე ბაზარზე უკვე მოქმედ გადამზიდავებს, სატრანსპორტო მომსახურების სფეროში საქმიანობის განსახორციელების განმავლობაში რაიმე სახის შეფერხება არ უნდა შეექმნათ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, აღკვეთონ ყველა შესაძლო უკანონო ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის კომპანიებს  სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

ამასთან, აუცილებელია შეიქმნას გადამზიდავი კომპანიების ინსპექტირების მექანიზმი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით „ლაივპრესს“

print