განცხადება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

09 დეკემბერი, 2016

თბილისი, 9 დეკემბერი, 2016 წელი - მსოფლიო დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი შესაფერისი დროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიმოვიხილოთ ჩვენი ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები და ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს.

საქართველოში 2004 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. მინიმუმამდე შემცირდა წვრილმანი კორუფცია და მექრთამეობა საჯარო სერვისების სფეროში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზოგიერთ სხვა სფეროში (მაგალითად სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში) კორუფციის რისკების შესამცირებლად, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ გაზარდა სახელმწიფო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა. დაიხვეწა ანტიკორუფციული კანონმდებლობის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიც არის თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირებისა და მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელი ნორმები. ყოველივე ამის შედეგად, საქართველო დღეს რეგიონში უპირობო ლიდერია ანტიკორუფციული რეფორმების მხრივ, რასაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა ადასტურებს (მაგალითად, „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ და „კორუფციის აღქმის ინდექსი“).
 
ამავე დროს, არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემებისა, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომ პროგრესს აფერხებენ. მიუხედავად ანტიკორუფციული კანონმდებლობის საერთო გაუმჯობესებისა, კვლავაც პრობლემად რჩება პრაქტიკაში მისი ეფექტური აღსრულება. სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ამცირებს მათ უნარს, ეფექტურად გამოიძიონ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების პირობებშიც კი, საჯარო სამსახური ჯერაც არ ჩამოყალიბებულა დამოუკიდებელ და პროფესიონალურ ინსტიტუტად.
 
მართალია მედია 2012 წლის შემდეგ მთლიანობაში უფრო პლურალისტური გახდა, მაგრამ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ძირს უთხრის მისი, როგორც მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი ინსტიტუტის როლს. ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ ინტერესთა კონფლიქტისა და ნეპოტიზმის შემთხვევებზე, რომლებიც გამოუძიებელი რჩება. არ არსებობს კორუფციის პრევენციის ქმედითი მექანიზმები სახელმწიფო საწარმოებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში. შეფერხდა ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების პროცესი.
 
არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და კორუფციის შემცირების მხრივ შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
 
  • შექმნას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების ეფექტური მექანიზმი - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო

  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მიმართულებით

  • უზრუნველყოს პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა და მისი დაცვა პარტიული გავლენისგან

  • პატივი სცეს მედიის დამოუკიდებლობას და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპს

  • აღმოფხვრას ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები

  • უზრუნველყოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის სრულფასოვანი აღსრულება პრაქტიკაში, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტისა თუ ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევების სათანადოდ გამოძიება

  • მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პრაქტიკაში

  • პარლამენტმა უფრო ეფექტურად შეასრულოს აღმასრულებელი ხელისფულების ზედამხედველის ფუნქცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მზად არის ითანამშრომლოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და ინსტიტუტთან ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრისა და ანტკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით.
print