განცხადება 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

15 აპრილი, 2014

2014 წლის 11 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ადგილი ჰქონდა სასამართლოს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და ქმედებებს. მართალია, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია. 

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით მიუთითებს, რომ სასამართლოს აქტები  ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს აქტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილების როლი.

2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მოსარჩელეები, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები სადავოდ ხდიდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ამ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, ის სრულად ემთხვევა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხილვის სხვადასხვა ეტაპზე დაფიქსირებულ პოზიციას და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.

დაუშვებლად მიგვაჩნია ისეთი გამონათქვამები და ქმედებები, როგორიც 2014 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ დაფიქსირდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს გადაწყვეტილებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას საჯაროდ დაგმოს ამგვარი ქმედებები, რაც იქნება მსგავსი აგრესიის პრევენცია მომავალში.