ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების გადავადებას ეხმაურებიან

18 სექტემბერი, 2014

18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების ვადა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდება. ამჟამად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ფუნქციონირებს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მისი დანერგვა კი 2014 წლის 1 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო.

ამოქმედების თარიღის ორი წლით გადავადების მიზეზად, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორის  მიერ შემდეგი არგუმენტები იქნა მოყვანილი:

  1. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრული მოცულობით ამოქმედებისათვის  ბიუჯეტში თანხების არარსებობა, ორგანიზაციული და ფინანასური ხასიათის სირთულეები, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ვერ მომზადდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის სხდომის დარბაზები.
  2. ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების შემთხვევაში პროცესის გაჭიანურება, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ შერჩევის საკმაოდ რთული პროცედურით და მეორე მხრივ სასამართლო სისტემაში მომუშავე პირთა არასაკმარისი კომპეტენტურობით. ინიციატორის განცხადებით, სასამართლოს მოხელეებს ახალი ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით არ ჩატარებიათ შესაბამისი ტრენინგები.
  3. ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებში სათანადო რესურსის დეფიციტი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილებების არაკვალიფიციურობა. შესაბამისად, აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედი მოდელის რეფორმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი და, უმეტესად, უსაფუძვლოა მართლმსაჯულების რეფორმის ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის ამოქმედების შეფერხებისთვის. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა გაგვაჩნია. კერძოდ, ვფიქრობთ, რომ:

  1. იმისათვის, რომ  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებისათვის არ შექმნილა სათანადო წინაპირობები, ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული შესაბამისი თანხა, არ მომზადებულა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არ ჩატარებულა მოსამართლეთა ტრენინგები, პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ხელისუფლების სამივე შტოს (საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და სასამართლოს). ამასთანავე, გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი დღეს ბიუჯეტში ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ამოქმედებისა და კონსტიტუციის მოთხოვნის შესრულებისთვის აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო  ბიუჯეტის შესახებ 2014 წლის კანონის თანახმად (პროგრამული კოდი 26 01) 8 800 000 ლარი იყო გამოყოფილი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელებისათვის, მათ შორის  ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის რეფორმისათვის. 
  2. როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები მხოლოდ საქართველოს პროკურატურასთან გაიმართა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პროცესში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული სასამართლო ხელისუფლება. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვისას მნიშვნელოვანია ხელისუფლების შტოებს შორის მეტი კოორდინაცია. ცალსახად დაუშვებელია სასამართლო ხელისუფლების იგნორირება იმ საკითხების გადაწყვეტისას, რაც მართლმსაჯულების განხორციელების წესს შეეხება. 
  3. 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების სრული გადავადების ნაცვლად შესაძლებელი იყო ინსტიტუტის ეტაპობრივი ამოქმედება. სამწუხაროდ საპარლამენტო მოსმენებზე არ  ყოფილა მსჯელობა პრობლემების მოგვარების ხედვასა და გეგმაზე. შესაბამისად, გაურკვეველია რამ განაპირობა ნაფიც მსაჯულთა სისტემის ამოქმედების 2 წლით გადავადება. საკომიტეტო მოსმენებისას არ ყოფილა მითითება და განხილვა იმისა თუ როგორ აპირებს ხელისუფლება 2 წლის ვადაში არსებული პრობლემების მოგვარებას. კანონის მოქმედების ვადის გადავადების მიზეზად კანონის განმარტებით ბარათში ასევე დასახელებულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების დეფექტიანობა და რეფორმის საჭიროება. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ წარუდგინა საქართველოს მთავრობამ პარლამენტს აღნიშნული დეფექტების გამოსწორების გეგმები;  
  4. ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის მოქმედება ქვეყნის მხოლოდ ცალკეულ ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს,  ვინაიდან პირს არჩევანის უფლება განსაჯოს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,  არა მხოლოდ დანაშაულთა კატეგორიის, არამედ იმის მიხედვით ენიჭება თუ პირველად სად წარედგინა სასამართლოს. აღნიშნული საკითხი შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს.   

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადავადების საკითხი და მოსთხოვის აღმსრულებელ ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის წარმოდგენა აღნიშნული ინიციატივის სრული ამოქმედების მიზნით.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი