არასამთავრობოების განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით
2015 წლის 5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა, გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შემდგომ რეფორმას, ხელისუფლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ამ ცვლილების გადადების არგუმენტად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა.
ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას. პირველ რიგში, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის დისპროპორციის შემცირება რთული იქნება და ბევრ ოლქს მექანიკურად შეერთება/დაყოფა მოუწევს, რამაც შეიძლება, დამატებითი პრობლემები წარმოშვას თანაბარი ტერიტორიული წარმომადგენლობის კუთხით. ამასთანავე, როგორც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, მხოლოდ 50%-იანი ბარიერის დაწესება ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი, საჭიროა კომპლექსური მიდგომები, სადაც ბარიერის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, მიგვაჩნია, ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი და ამიტომ არ არის სასურველი საარჩევნო სისტემის არსებითი რეფორმირება, სრულიად არადამაჯერებელია. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 1.5 წელია დარჩენილი, შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება, მათ შორის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, სრულად მოსწრებადია.
მიგვაჩნია, რომ სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ხედვა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ასეთი ფართო კონსენსუსი აქამდე არასოდეს შემდგარა და ხელისუფლების მხრიდან ამის უგულებელყოფა მიუღებელია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
ღია საზოგადოება – საქართველო