კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას პასუხობენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას პასუხობენ

14 მარტი, 2014

 

უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყო. კამპანიის მიზანი საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ თვალთვალისა და მიყურადების არსებული პრაქტიკის შეცვლა და კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

კამპანის დაწყებისთანავე შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები გამოვეხმაურეთ, მინისტრის აღნიშნულ განცხადებას და მზადყოფნა გამოვთქვით უწყების ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად, რათა მომხდარიყო მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ.

სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არ ისურვეს აღნიშნული საკითხების სამუშაო ფორმატში განხილვა და არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება კანონპროექტის პრინციპებსა და კონკრეტულ მუხლებზე. ამის ნაცვლად, ყველასთვის მოულოდნელად, მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას მხრიდან გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რასაც გვინდა დეტალური პასუხი გავცეთ:

1. პირველყოვლისა, შემაშფოთებელია ლევან იზორიას განცხადებ, რომლის მიხედვით კამპანიას არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო აქტიურობასთან და პლიტიკურ ხასიათს ატარებს, რაც საბოლოო ჯამში, მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას იწვევს. მიგვაჩნია, რომ ასეთი არაკონსტრუქციული მიდგომა მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოს წყობილებისთვის და ცალსახად დარტყმის ქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივიზმის იდეას. 

2. მინისტრის მოადგილე აბსოლუტური პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არავითარ უკანონო მოსმენას ადგილი არ აქვს მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე აგრძელებს მოსმენა–მიყურადებას ძველი სისტემის და ძველი რეგულაციების გამოყენებით,  მოსმენისა და მიყურადების უშუალო შესრულება კი კვლავ იმ პერსონალს ევალება, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდნენ ფარულ მიყურადებებს. დღემდე არ მომხდარა კანონმდებლობის სისტემური გადახედვა, არ აღმოფხვრილა ის უმნიშვნელოვანესი ხარვეზები, რომლებიც პირდაპირ ზღუდავს კონსტიტუციით ადამიანის გარანტირებულ უფლებებს.

3. გავრცელებულ სტატიაში ლევან იზორია კანონის დახვეწის თაობაზე კი საუბრობს, თუმცა არ ახსენებს იმ გარემოებებს, რამაც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა წარმოშვა. მინისტრის მოადგილე ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით სისტემური პრობლემის არსებობას საერთოდ უარყოფს. ვფიქრობთ, რომ პრობლემებისა და გამოწვევების აღიარების გარეშე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ვერ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისმა საბჭომ, რომლის წევრი შსს-ც არის, ერთხმად მიიღო ადამიანის უფლებათა სტრატეგია და აღიარა, რომ ,,სამინისტროს ჰქონდა და დღესაც აქვს ხელმისაწვდომობა სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე, sms და სხვა ელექტრონულ საშუალებებზე“ და საჭიროა ნათელი რეგულაციების შემოღება და მონიტორინგი. ამის ფონზე, პრობლემის არარეალურობის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია, რბილად რომ ითქვას, უცნაურია. დასანანია, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს, ხოლო მეორეს მხრივ ამ პრობლემის დეტალებზე საუბარს და მის მოგვარებაში დახმარების სურვილს, რეფორმის აქტიურად განხორციელებისკენ მოწოდებას „სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ უწოდებს.

4. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კამპანია „ალბათ, უფრო პოლიტიკურ მიზნებს [ემსახურება], რომელსაც ახლა მე არ ჩავუღრმავდები."  ამავე სტატიაში, მინისტრის მოადგილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ბრალდებების ფაქტებით გამყარების აუცილებლობაა. ვფიქრობთ, აღნიშნული განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ირიბად ბრალს დებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ოპოზოციურ ძალებთან პოლიტიკურ გარიგებაში. გარდა იმისა, რომ აღნიშნული განცხადება უკიდურესად შეაურაცხმყოფელია, მინისტრის მოადგილეს, როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები დამოუკიდებლობით, საკუთარი პასუხისმგებლობითა და რწმენით მოქმედებენ.

5. მინისტრის მოადგილის მიერ გამოხატულ პოზიციაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ კამპანიის წარმომადგენლების მხრიდან ტერმინის - „ისევ გვისმენენ" - გამოყენება ,,არის პირდაპირი დანაშაულის ჩადენის დაბრალება." მინისტრის მოადგილე ფაქტიურად სინანულს გამოხატავს წლების წინ სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების გამო: ,,სისხლის სამართლის კოდექსიდან ცილისწამების ნორმა ამოღებულ იქნა. შესაბამისად, დღეს ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს. არადა, ყველა ევროპულ ქვეყანაში ცილისწამებისთვის არის პასუხისმგებლობა." გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობის შემთხვევაში, კამპანიის მონაწილეების მიმართ სახელმწიფო დაიწყებდა დევნას.

დასასრულ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კამპანიის მონაწილე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად გამოკითხულ მოქალაქეთა 60%-ზე მეტის აზრით, ისევ გვისმენენ. შესაბამისად, კამპანიის მონაწილეები ვიტოვებთ უფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხშირად მივმართოთ კითხვებით: რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს? რატომ არ არის განსაზღვრული არც მოსმენისა და თვალთვალის ვადა, არც პირთა წრე, არც კონტროლის ეფექტური მექანიზმები? სავარაუდო დამნაშავეთა დასჯაზე  თავს იმიტომ იკავებთ, რომ მათ გამოცდილებას დღესაც აქტიურად იყენებთ? და ეს იმით ხომ არ არის განპირობებული, რომ გიადვილდებათ ამ ადამიანების მართვა მაშინ, როცა მათ წინააღმდეგ კომპრომატები უტყუარი მტკიცებულებების სახით მოგეპოვებათ? ეს პირები დასჯის შიშით დღესაც იგივე წარმატებით ხომ არ ასრულებენ იმ უკანონო დავალებებს, რომელთა შესრულებასაც ასეთივე ,,წარმატებით" გაართვეს თავი არცთუ შორეულ წარსულში? რამდენად არის დაცული პირადი ცხოვრების უფლება იმ დროს, როდესაც აღმოჩენილ უკანონო ჩანაწერთა რაოდენობა 20.000 აღემატება, ხოლო ამ მასშტაბური უკანონობის გამო პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა ნულს უტოლდება? რა შეფასებას იმსახურებს ისეთი გამოძიება, სადაც უკანონო ფაილებს მათი შემქმნელების სახელები აწერია და ეს ადამიანები  კვლავაც თქვენს სისტემაში მუშაობენ?

პარლამენტში 10 თვის წინ შესული კანონპროექტი თაროზე რომ არ შემოდებულიყო, კამპანიის დაწყების აუცილებლობაც არ დადგებოდა. თვალთვალის, მოსმენის თუ მიყურადების მექანიზმების საერთოდ გაუქმება ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება გვსურს, რომელიც სამართალდამცავთა ამ საშიშ ძალაუფლებას ევროპული დონის საკანონმდებლო ჩარჩოებს მოარგებს.

საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას შსს-ს რეაქცია მეტ სიმწვავეს სძენს: რა აიძულებს სამინისტროს კონტროლის მექანიზმების მიმართ ასეთ მძაფრ წინააღმდეგობას, თუ უკანონო მოსმენები აღარ ხდება და გაკონტროლების შედეგად არ აღმოჩნდება, რომ ,,ისევ გვისმენენ?"

print