არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით
პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა პროკურატურის სისტემის რეფორმირების კონცეფცია, ხოლო შემდგომ - პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. როგორც ცნობილია, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული როგორც რეფორმის კონცეფცია, ისე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან რეფორმა ვერ უზრუნველყოფდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებასა და დამოუკიდებლობას. რეფორმის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მხოლოდ ფრაგმენტულად აისახა კანონპროექტში, რაც არ იყო საკმარისი საკანონმდებლო დონეზე პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
კოალიციის შეფასებით მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა ასევე ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესი. კერძოდ, პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის და საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევის პროცესი არ იყო ღია და გამჭვირვალე, რამაც გააჩინა კითხვები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
კანონით ახლადშექმნილი საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრის ასარჩევად ჩატარდა პროკურორთა კონფერენცია. მიუხედავად იმისა, რომ თავად კონფერენცია ღია იყო გარე დამკვირვებლებისათვის, პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელება საინიციატივო ჯგუფების მიერ - დახურულ კარს მიღმა წარიმართა; შესაბამისად, დამკვირვებლებისთვის უცნობი რჩება რა ვითარებაში, რა მოტივაციაზე დაყრდნობით და რამდენად სამართლიანი შიდა პროცედურებით დაასახელეს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები. აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა კოალიცია და უარყოფითად შეაფასა ეს პროცესი;
გარდა ამისა, იმის გამო, რომ კანონით არ იქნა გათვალისწინებული საპროკურორო საბჭოს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები პროცესის დაწყებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს კანონით გათვალისწინებული მათთვის განკუთვნილი კვოტის (საბჭოს ერთი წევრის) გამოყენებაზე, რამაც საპროკურორო საბჭოს წარმომადგენლობითობის ხარისხი მნიშვნელოვნად დააკნინა. მთავარი პროკურორობის კანდიდატების დასახელებაზე უარი განაცხადა არაერთმა არასამთვრობო ორგანიზაციამაც. ორგანიზაციების ასეთი პოზიცია განპირობებული იყო მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის არასწორი საკანონმდებლო რეგულირებით და მთელი რიგი ხარვეზებით, რაც აზრს უკარგავდა პროცესში მონაწილეობას.
პროცესის თითოეულ ეტაპზე გამოვლენილმა ხარვეზებმა მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა საპროკურორო საბჭოს წევრთა ღია და თავისუფალ გარემოში არჩევის პროცესს და შესაბამისად - საბჭოს ლეგიტიმურობასაც.
2015 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა საპროკურორო საბჭოს სხდომა, სადაც განიხილებოდა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი. არჩევის პროცესი, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატურების დასახელების, დასაბუთების და კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპები, არ ყოფილა ღია და გამჭვირვალე. საპროკურორო საბჭოს ზემოაღნიშნული სხდომის გამართვამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი იქნებოდა ღია და ყველა დაინტერესებულ პირს ექნებოდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა აღნიშნულ პროცესს. მიუხედავად ამისა, 19 ნოემბერს გამართული საპროკურორო საბჭოს სხდომის მხოლოდ ის ნაწილი გაიხსნა, რომელზეც ჩატარდა მთავარი პროკურორის კანდიდატების ფარული კენჭისყრის პროცედურა. ხოლო, საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაკვირვების მიღმა დარჩა. უნდა ითქვას, რომ საბჭოს სხდომების დახურულობას ითვალისწინებს საბჭოს დებულება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს, საპროკურორო საბჭოს სხდომების დახურულ ვითარებაში ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის კოლეგიური ორგანოს სხდომების საჯაროობის კანონით დადგენილ პრინციპთან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლით.
ამასთან, საჯაროობის პრინციპის დარღვევა წინააღმდეგობაში მოდის თავად რეფორმის დეკლარირებულ მიზანთან: მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესის დადგენას, დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს, საპროკურორო საბჭოს შექმნას და საპროკურორო საბჭოსთვის მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის ფუნქციის მინიჭებას შედეგად უნდა მოჰყოლოდა მთავარი პროკურორის ღია და გამჭვირვალე პროცედურებით შერჩევა და ამ გზით მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზება. ამ არგუმენტების გათვალისწინებით და ასევე საკითხის მნიშვნელობიდან და ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩია მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები საზოგადოებისათვის დახურული იყოს.
დამატებით უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ერთი მხრივ, პროკურატურის აქამდე განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობასთან, მეორე მხრივ კი - პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. დღემდე არ განხორციელებულა ეფექტური სამართლებრივი რეაგირება და არ დამდგარა შედეგი არაერთ გახმაურებულ საქმეზე. ამავე დროს, რიგ საქმეებში ასევე ჩნდება ეჭვები შერჩევით მართლმსაჯულებაზე, რაც მათ შორის, პროკურატურის სისტემის მოქმედი მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისას მხედველობაში მიიღონ მთელი რიგი ხარვეზები, რაც თან ახლდა კანდიდატურის ნომინირებისა და შერჩევის პროცესს და რის გამოც არაერთმა ჯგუფმა უარი თქვა ამ პროცესში მონაწილეობაზე. პარლამენტმა უნდა გაიაზროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდება. აგრეთვე, მნიშნელოვანია, პარლამენტმა ამ ფაქტით მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაგეგმოს და უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმის გატარება და პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
ნებისმიერი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია რეფორმის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერა და ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. პროკურატურის რეფორმის პროცესმა, როგორც საკანონმდებლო დონეზე არაეფექტურმა რეფორმამ, ისე რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას დაშვებულმა ხარვეზებმა, მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა რეფორმის წარმატებას და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაჩენას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ადამიანის უფლებების ცენტრი
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)