ENG

არასამთავრობოები პრემიერმინისტრის მიერ მოსამართლის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურებიან

04 აპრილი, 2015

 

ვეხმაურებით პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საქმით, რომელსის ქონებასაც 4500 ლარის დავალიანების გამო აკრძალვა დაედო. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება.

აღვნიშნავთ, რომ მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცენდენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება  ან მის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს წარმოადგენს კონსტიტუციურ გარანტიას, რომლის გარეშეც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს. 
 
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა სწორად გაიაზრონ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სასამართლო ინსტიტუტების როლი. თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს მოსამართლეთა კონტროლი და მათი პასუხისგებაში მიცემა. ის, როგორც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, შესაძლოა გახდეს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური პროცესის მონაწილე. თუმცა, ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მოსამართლეების მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენების უფლებამოსილება არ გააჩნია.
 
ამდენად, მიგვაჩნია, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები ახდენს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის, ასევე სხვა სასამართლო ორგანოებისა და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასთან, ამგვარი პოლიტიკური მესიჯები ხელს უშლის სასამართლო სისტემაში ვითარების გაჯანსაღებას და ზრდის სუბორდინაციას ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის.
 
კონკრეტული მოსამართლის მხრიდან დიციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. სწორედ, საბჭოს ევალება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და შეისწავლოს მოსამართლის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საბჭოსა და დისციპლინური ორგანოების დროულმა, ეფექტურმა და დასაბუთებულმა რეაგირებამ, შესაძლო გადაცდომის თითოეულ ფაქტზე, უნდა შექმნას საზოგადოებისა და მოსამართლეთა ნდობა სასამართლოში მოქმედი პასუხისმგებლობს სისტემის მიმართ, რომელიც ამჟამად საკმაოდ დაბალია.
 
საბჭო ასევე ვალდებულია გამოეხმაუროს მოსამართლეთა მიმათ ზეწოლის შესაძლო ფაქტებს და არ დაუშვას არასათანადო გავლენა მართლმსაჯულების პროცესზე, როგორც სასამართლო ხელისუფლების შიგნიდან, ისე ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან.
 
მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში. 
 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა სწავლების მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
ადვოკატთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი