არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერმინისტრისა და პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერმინისტრისა და პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან

12 ივნისი, 2014

 

გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სასამართლოს მისამართით გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას ა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება.

2014 წლის 10 ივნისს, ბათუმში, პრემიერმინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ჯერ კიდევ გვაქვს ეჭვი და საფუძველი ვიფიქროთ, რომ რამდენიმე მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და ჯერ კიდევ რამდენიმე მოსამართლე არის გარკვეული გავლენის ქვეშ ყოფილი ხელისუფლების.“

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას და, მით უმეტეს, ცხადი და უტყუარი მტკიცებულებების მოშველიების გარეშე გარკვეული ბრალდებების წამოყენებას, ზოგადად, სასამართლოს, განსაკუთრებით კი – ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ. მოსამართლეებს ეკისრებათ ვალდებულება, იმოქმედონ ეთიკის ნორმების დაცვით, რაც ასევე მოიცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უზრუნველყოფას. ამ პრინციპების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა-შესწავლა კი კონკრეტული ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს და არა  პოლიტიკური განცხადებების საგანს.

ამავე კონტექსტში საყურადღებოა, პარლამენტის ვიცესპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიორგი უგულავას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერის განმარტებით, ადრე საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავდა და ეს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში შეძენილი დამოუკიდებლობის ნიშანია.  აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეზე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით. უმრავლესობის წევრების მხრიდან, სასამართლოს მიმართ გამოთქმულმა შეფასებებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პროტესტისა და განწყობების ასეთი ფორმით გამოხატვას და მოვლენების მსგავს განვითარებას. სამწუხაროდ, ამ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება და შეფასებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ მოჰყოლია.

დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემისა და აღიარების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ მოქმედებებსა და გამოსვლებში იყვნენ თანმიმდევრული და პრინციპული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვისა და სასამართლო სისტემის გაძლიერების სასარგებლოდ. მათი განცხადებები არ უნდა უწყობდეს ხელს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ავტორიტეტის შემცირებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებთ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, მოერიდიონ სასამართლო ორგანოების მიმართ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და შეარყიოს მისი დამოუკიდებლობა.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი

print