ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება ბათუმსა და ცაგერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

10 ივნისი, 2014

 

2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მხარეებს შორის  სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების შემდგომ  პარტიის წარმომადგენლებმა ამომრჩეველთან შეხვედრა გააგრძელეს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია მხოლოდ ცემის ფაქტზე და არა წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაზე. თავად ინციდენტის დროს, პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრის ადგილას სამართალდამცავები არ  გამოჩენილან.

მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის აღძვრა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე არასწორია,  ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ ხელშეშლას, რაც ამავე კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

2014 წლის 9 ივნისს ცაგერის კულტურის სახლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ამომრჩეველს შეხვდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - ლაშა კვირიკაშვილი - კოალიცია “ქართული ოცნების“ კანდიდატი ცაგერის საკრებულოს პარტიულ სიაში, გოგიტა ახვლედიანი - კოალიციის წევრი და სოფ. აღვის დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ მურცხვალაძე - კოალიციის წევრი და ცაგერის შტაბის თანამშრომელი, რომლებმაც გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას კვერცხები დაუშინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათ კოალიციის წევრების შეჩერება არ უცდიათ. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე;

სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აღკვეთა, ასევე ძალადობრივი აქტების  ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება; ამ მიზნით მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება;

პოლიტიკურ პარტიებს - წინასაარჩევნო შეხვედრების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით, წინასწარ გააფრთხილონ სამართალდამცავი ორგანოები, რათა უზრუნველყოფილ იქნას წესრიგი შეხვედრის მსვლელობისას.  ასევე, მიიღონ მკაცრი ზომები პარტიის იმ წევრების მისამართით, რომლებიც ამგვარი ან სხვა სახის მოქმედებით ხელს უშლიან ოპონენტი პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვას. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“