ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები თერთმეტ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებს ეხმაურებიან

30 მაისი, 2014

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. ასეთ ფაქტებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციასაც აწვდიან. დაზარალებულები, ძირითადად, არ აკონკრეტებენ თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას.

გარდა იმისა, რომ ადამიანის მიმართ მუქარა და ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა სხვა საფრთხეებიც შექმნას. კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, პარტიულ სიაში კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, შესაძლოა პარტია რეგისტრაციიდან საერთოდ მოხსნან. კანონით ამ მხრივ შემდეგი კრიტერიუმებია დადგენილი: თუ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, პროპორციულ სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს, ხოლო თუ 75 000-ზე ნაკლები, მაშინ – მინიმუმ 10 კანდიდატი. საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ზემოაღნიშნულ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუქმდება პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია ანუ პარტია, ამ საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა პარტიების სიების რეგისტრაციიდან მოხსნას ისახავს მიზნად, მით უმეტეს, რომ მსგავსმა ფაქტებმა უკვე ტენდენციის ხასიათი მიიღო. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ცნობილია ხუთი რეგიონის ათ ოლქში მომხდარი მსგავსი შემთხვევის შესახებ:

ქვემო ქართლი:

დმანისში, სადაც პროპორციულ სიაში კანდიდატთა მინიმუმი 10 ადამიანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 15 კანდიდატიან სიაში თავდაპირველად ხუთმა კანდიდატმა (ალმაზ რამზანოვი, ელმურაზ გასანოვი, შახვადინ კოჯაევი, სტამბულ ყურბანოვი, მახმუდ ოვჩიევი) მოხსნა კანდიდატურა. ერთი დამატებითი კანდიდატის მიერ სიაში ყოფნაზე უარის თქმა სიის გაუქმებას გამოიწვევდა. დღეის მდგომარეობით, ერთმა კანდიდატმა, ყურბან მამედოვმა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა და, ამ მომენტისთვის, საარჩევნო სიის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი არ არსებობს. თუმცა ის ყოყმანობს და აცხადებს, რომ ურჩევნია, არ იყოს პარტიის სიაში. მამედოვი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი უკვე შეწუხებული არიან დაფარული ტელეფონის ნომრიდან მიღებული ზარებით. „მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევენ, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ უნდა დავტოვო პარტია“. დმანისში პრობლემები აქვს ასევე „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“, სადაც მათ კანდიდატებსაც აიძულებენ, დაწერონ განცხადება რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. ხუთმა კანდიდატმა მოიხსნა რეგისტრაცია (ანდიაშვილი გიორგი - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც, ელდარ ფაქელიანი - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც, დავით ოგნაძე - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც, ლია ფილფანი - პარტიულ სიაში, მაჰმედ მაჰმუდოვი - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც ) პოლიტიკურ გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ (ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია) რის შედეგადაც პარტიას გაუუქმდა პარტიული სია და ისინი ვერ შეძლებენ პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

წალკაში საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დარაკოვის თემში ლეონ მიქაელიანმა და სარვანის თემში გულარა მამედოვამ. ამ უკანასკნელს განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს უკვე შეატყობინა.

მარნეულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანდიდატი  მარნეულის მუნიციპალიტეის გამგებლის თანამდებობაზე ახმედ იმამყულიევ ადასტურებს, რომ მას ახლობლის მეშვეობით შეუთვალეს მოეხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ასახელებს ვისგან მოდიოდა აღნიშნული შეტყობინება.

თეთრიწყაროში კანდიდატურები მოხსნეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა - ჯანიკო გულუაშვილმა და მანგლისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ბადალაშვილმა, რომელიც პარტიის სიის მე-5 ნომერი იყო.

სამცხე-ჯავახეთი:

ახალციხეშიც არანაკლებ 10 კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს სიაში. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა პარტიამ „საქართველოს გზა“ 11 კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა. წარდგენიდან რამდენიმე დღეში პარტიის სამმა კანდიდატმა (მანანა იაძე, იოსებ ასპანიძე, ნინო ნარიმანიძე) მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რაც პარტიის პარტიული სიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე, პარტიის ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად „საქართველოს გზის“ ორმა მაჟორიტარმა (იოსებ მარტინენკო, ალეკო თამარაძე) კანდიდატმაც განაცხადა საკუთარი კანდიდატურის გაუქმების შესახებ. საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა და პროპორციული სიის მე-12 ნომერმა მალხაზ ივანიძემ.

ბორჯომში საკუთარი კანდიდატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ივანე გელაშვილმა მოხსნა. იგი პროპორციულ სიაში დარჩა, თუმცა კონკურენციას ვერ გაუწევს სხვა პარტიების მაორიტარ კანდიდატებს.

ადიგენში რამაზ მერაბიშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უდის თემის მაჟორიოტარობის კანდიდატმა და სიის მე-2 ნომერმა, საკუთარი კანდიდატურა ასევე მოხსნა.

ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გენადი ზედგინიძემაც საეჭვო ვითარებაში მოხსნა საკუთარ კანდიდატურა.

მცხეთა-მთიანეთი:

მცხეთაში „სახალხო პარტიის“ პროპორციული სიის სამმა (გიორგი გიგინეიშვილი, ილია ოსეფაშვილი, მამუკა მახარაშვილი) და  მაჟორიტარობის ერთმა კანდიდატმა (დავით ოსეფაშვილი) განცხადებით მიმართეს პარტიას საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე – აცხადებს „სახალხო პარტიის“ მცხეთის წარმომადგენელი ლაშა ბოლოთაშვილი. მისივე თქმით, კანდიდატებზე ზეწოლა მცხეთის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განახორციელა.

კახეთი:

დედოფლისწყაროში, სოფელ სამთაწყაროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი პაატა ნადირაძის განცხადებით, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით მათზე ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებდა ზეწოლას. მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობს, პრობლემა შეექმნებოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის ემზარ ჯანაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას დაემუქრნენ, რომ თუ საკუთარი ნებით არ მოეხსნის კანდიდატურას, მისი მეუღლე, რომელიც შპს „სოკარ ჯორჯიას" თანამშრომელია, სამსახურს დაკარგავს.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი

ლენტეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა იულონ ტვილდიანმა საეჭვო ვითარებაში მოხსნა კანდიდატურა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, დაინტერესდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით და აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ყოველგვარი ზეწოლა. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა შემთხვევაშიც სამართალდამცავ ორგანოებს კანონი გამოძიების დაწყების ვალდებულებას აკისრებს. ამასთანავე, საკითხის მნიშვნელობისა და სავარაუდო მასშტაბების გათვალისწინებით, აუცილებელია, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს, სისხლის სამართლლებრივ პასუხისგებაში დაუყოვნებლივ იქნენ მიცემულნი ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოძიებით გამოიკვეთება. მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას არსებული დანაშაულის ნიშნები და, საჭიროების შემთხვევაში, გატარებულ იქნას კანონით გათვალისწინებული სანქციები;
  • უწყებათაშორის კომისიას, შეისწავლოს კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს სამართალდამცავ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს, არ გადაამეტონ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, რამაც შესაძლოა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვიოს;
  • პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ყველა მსგავს შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, საქმის კურსში ჩააყენონ საზოგადოება.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია