ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით

07 იანვარი, 2011

 

6 იანვარს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია შედგა. პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მიმართეს და მოუწოდეს 3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქციის ძალადობრივი დაშლა ჯეროვნად იქნას გამოძიებული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი. "2011 წლის 3 იანვარს პოლიციამ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით დაშალა ომის ვეტერანთა მიერ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქცია.

აღნიშნული ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გამართლებული იქნა კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეთა საქმის განხილვისას სასამართლომ არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა ტელეკომპანია ,,კავკასიის” და ინტერნეტელევიზია www.palitratv.ge-ს ვიდეომასალები და მოწმეთა ჩვენებები. სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ 2011 წლის 3 იანვარს პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის წინ მჯდომარე შიმშილობის აქციის მონაწილეებს და დაშლა მოსთხოვეს. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, პოლიცია ძალის გამოყენებით შეუდგა შეკრების დაშლას, რომელსაც თან სდევდა დემონსტრანტების და მათი მხარდამჭერების ფიზიკური შეურაცხყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომელმა, ოთარ გვენეტაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული პარტიის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ეკა მათიაშვილს. ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა დაკავებულ პირებსაც.

ინტერნეტტელევიზია www.palitratv.ge-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ძალადობაში ჩართული სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ეხმარებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეკრების მონაწილეთა პოლიციის ავტომანქანაში ჩასმაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ არასამუშაო ფორმაში. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.” აღნიშნული მოთხოვნა ცალსახად იქნა დარღვეული შეკრების დაშლის განმახორციელებელი პირების მხრიდან. შეკრების დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი გარემოებით დაასაბუთა: ,,აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაც აშკარად ეტყობოდა, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ორ მათგანს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე.” განცხადებაში მოყვანილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ შეკრების მონაწილეებს განთავსებული ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ფაქტი არ დასტურდება ტელეკომპანიების ვიდეომასალიდან. თუმცა, იმ შემთხვევაში კი, რომ მომხდარიყო კარვების გამოყენება პოლიციის მოთხოვნა მაინც სრულიად უკანონო იქნებოდა, ვინაიდან ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-111 მუხლი კრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას სხვადასხვა კონსტრუქციებით. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შეკრება არ იმართებოდა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. გარდა ამისა, პოლიციის მოთხოვნა, დაშლილიყო საპროტესტო აქცია, არ იყო კანონიერი.

,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამგვარი მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლს. ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მონაწილეებს დაშლისაკენ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი მოუწოდებს, არამედ ფორმაში ჩაცმული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ასევე არ დასტურდება შეკრების მონაწილეთა მხრიდან პოლიციისათვის ფიზიკური შურაცხყოფის მიყენების ფაქტი. უფრო მეტიც, კადრებიდან ჩანს, რომ შეკრების ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს შეკრების ჩატარების ადგილიდან მოშორებით, მას შემდეგ რაც საპროტესტო აქცია უკვე დაშლილი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, პოლიციამ დააკავა ვეტერანთა აქციის 11 მონაწილე (ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერი ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევან ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე), ხოლო სასამართლომ აღნიშნული პირები მისცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებისათვის. აღნიშნული საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა თადაშვილმა. პასუხისგებაში მიცემული პირების ადვოკატებმა მოითხოვეს, მტკიცებულების სახით ტელეკომპანია ,,კავკასიის” ვიდეომასალის დართვა. აღნიშნული მტკიცებულებით მოხდებოდა სამართალდარღვევათა ოქმში მითითებული გარემოების გაქარწყლება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ შეკრების მონაწილეებს წარუდგინა კანონიერი მოთხოვნა, შეკრების მონაწილეებმა პოლიციას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, თუმცა არ დაუსაბუთებია ის თუ რაში გამოიხატებოდა შუამდგომლობის უსაფუძვლობა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ასევე ის გარემოება, რომ არსებობდა 5 წინასწარი გაფრთხილება და პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი ცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 400-400 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს 2011 წლის 3 იანვარს შეკრების უკანონოდ დაშლასა და ძალადობაზე პასუხისმგებელ სამართალდამაცავი ორგანოს წარმომადგენლებს."