არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

22 ივნისი, 2012

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მისი ცალკეული დებულებების ავტორი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაცაა (შემდეგში - კომისია). კანონპროექტის ყველაზე სადავო ნორმის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასევე შეტანილ იქნებიან ამომრჩევლები:

1) რომელთა რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ;

2) რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირის მიერ კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ამ პირებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში მისი პირადობის მოწმობა უქმდება რეგისტრაციის ნაწილში, ხოლო პირადობის დადასტურების ნაწილში იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. კომისიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი ორივე კატეგორიას მიკუთვნებული მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 80 000-ს შეადგენს.  გაუქმებული რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ ძალადაკარგულ მონაცემებს ენიჭებათ სამართლებრივი ძალა, რაც მიუღებელია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკიც, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე გაიარონ რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ერთდროულად აღმოჩდნენ ორი საარჩევნო უბნის სიაში, რაც შეამცირებს კომისიის შანსებს მოახდინოს ასეთი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და უზრუნველყოს სიების სიზუსტე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო უფლების რეალიზება დამოკიდებულია პირის მიერ რეგისტრაციის ქონაზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით: „ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“  კანონმდებლობის მიხედვით,[1] „რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ... საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ კანონპროექტის სადავო ნორმასწორედ ძალადაკარგულ მონაცემს – რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რეგისტრაციას უკავშირებს ამომრჩევლის შეყვანას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რაც სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს.

დაახლოებით მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ოღონდ რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით, რაც ხაზს უსვამს კანონპროექტით დღეისათვის შემოთავაზებული ნორმის კიდევ უფრო მეტად პრობლემატურობას:

1) 2010 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საერთოდ შეჩერებული ჰქონდა ამომრჩევლების რეგისტრაცია საარჩევნო პერიოდის განმავლობაში (იანვრიდან მაისის ჩათვლით);

2) 2010 წელს რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და არა მაჟორიტარული სისტემით;

3) 2010 წელს ამომრჩევლები სიებში შედიოდნენ არა ავტომატურად, არამედ საკუთარი განცხადების საფუძველზე, ინდივიდუალურად.

2010 წლის გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ კანონპროექტთან შედრებით მეტად დასაბუთებული იყო, მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაბუთებენ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზების აუცილებლობით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მოცემული მიზნის მისაღწევად კანონშესაბამისი მიდგომა უნდა იყოს შერჩეული. კერძოდ, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს ფართობასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და მოუწოდოს რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებს გაიარონ რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დღეს, როდესაც არჩევნებამდე საკმაო პერიოდია დარჩენილი, ეს სრულიად შესაძლებელია.

მიგვაჩნია, რომ  კანონპროექტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ნორმის მიღება დაუშვებელია, რადგან ზიანს აყენებს ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს და წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებასთან.


[1] საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

elections