ENG

ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს

16 დეკემბერი, 2014

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება ბოლო პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონული მედიის საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს.

სამხრეთის კარიბჭე

მიმდინარე წლის დეკემბერში ახალციხეში მოქმედმა რეგიონულმა გაზეთმა და ვებპორტალმა „სამხრეთის კარიბჭე“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ბრალდებულის და: სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა.“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ეკატერინე ათოშვილი „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორს ნინო ნარიმანიშვილს დაუკავშირდა და სტატიის სათაურის შეცვლა სთხოვა. უარის მიღების შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა განმეორებით სცადა ჟურნალისტის გადარწმუნება. იმავე საღამოს ჟურნალისტთან მისი ახლობელი პოლიციის თანამშრომელი მივიდა და სტატიის სათაურის შეცვლა „შინაურულად“ სთხოვა. რედაქციამ სტატიის სათაური არ შეცვალა, რის შემდეგაც პორტალის ოფისთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „სამხრეთის კარიბჭის“ წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს და ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ სტატია რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებას შეეხებოდა. ეჭვმიტანილის დის განცხადებით, მას და მის არასრულწოვან შვილს დაკითხვისას პოლიციის შენობაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, რაშიც, სხვა თანამშრომლებთან ერთად სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე მონაწილეობდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ თანამშრომლების განცხადებით, მას შემდეგ რაც პოლიციას სათაურის შეცვლაზე უარი განუცხადეს, სამართალდამცავებმა სოფლის მცხოვრებლების აქციის ორგანიზება მოახდინეს. პოლიცია ასევე დაზარალებულის დის ჩვენების შეცვლას შეეცადა. „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტების მიერ ეთიკის ქარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პატიმარი ზურა ხუციშვილი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტები რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადაშაულა.

გურია ნიუსი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის ახლადარჩეულმა მერმა ბეგლარ სიორიძემ „გურია ნიუსის“ კორესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა დაურეკა და ჰკითხა, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მერმა პირები, რომელთაც საპატიო ოზურგეთელის წოდება მიენიჭათ.

მანამდე კი, მიმდინარე წლის თებერვალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილს შეუარაცხყოფა მიაყენა, როდესაც ჟურნალისტი მისგან კომენტარის აღებას ცდილობდა. ყოფილმა გამგებელმა შემდეგ ბოდიში მოიხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონსტანტინე შარაშენიძე ჟურნალისტებთან ურთიერთობაში აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ოზურგეთის მერის მრჩეველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, სოფო ჭანტურია, ადგილობრივი მედიის, მათ შორის „გურია ნიუსისა“ და „გურიის მოამბის“ წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელში სისტემატურად ბრალდებებს უყენებდა და ზოგს საქმიანობის აკრძალვითა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. „გურია ნიუსის“ განცხადებით, სოფო ჭანტურიას განცხადებების გამო ჟანა მეგრელიშვილმა პროკურატურას მიმართა, თუმცა მათი მხრიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.

პროკურატურას „გურია ნიუსის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მიმართა, მას შემდეგ რაც კორესპონდენტის განცხადებით, სოციალური მედიის „მართალი გურულის“ გვერდზე პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. სკრინშოტები გავრცელდა, რომლებიც გაყალბებული ექაუნთიდან იყო გაკეთებული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ნატო გოგელიას განცხადების საფუძველზეა დაწყებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს „სამხრეთის კარიბჭის“ საქმიანობაში პოლიციის ჩარევის ფაქტების გამოძიება როგორც ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტებზე, ასევე სამართალდამცავი პირების მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებზე;

  • დადგეს იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებზე ახორციელებდა ზეწოლას.