ENG

ახალი საგადასახადო ამნისტია სატელევიზიო არხებისთვის

15 ოქტომბერი, 2012

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხეთაგურმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაუწყებლებისათვის მზადდება ახალი საგადასახადი ამნისტია.

ყველაზე მეტად ამნისტიის შედეგად ორი ეროვნული ტელეარხი ისარგებლებს. იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დროებით იყო ხელმისაწვდომი ივლისში, ირკვევა, რომ “იმედს” გადასახადების სახით 13.9 მილიონი ლარი, ხოლო “რუსთავი 2”–ს  5.5 მილიონი ლარი დავალიანება აქვთ. რამდენს შეადგენს სხვა ტელეკომპანიების საგადასახადო დავალიანება დღეის მდგომარეობით უცნობია.

2010 წლის ივლისში პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 36 მილიონიანი ამნისტია ყველა ქართული ტელეკომპანიისთვის. შემდგომ არ გამოქვეყნებულა არანაირი ინფორმაცია, თუ რომელმა ტელეარხებმა ისარგებლა ამ ამნისტიით, თუმცა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად ეს ნაბიჯი “რუსთავი 2”–ის და “იმედის” სასარგებლოდ გადაიდგა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ საგადასახადო ამნისტია არასამართლიან კონკურენტულ გარემოს ქმნის და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ ტელევიზიებს, რომლებსაც პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ. მაუწყებლებს შეუძლიათ გადასახადების გადახდას თავი აარიდონ, ვინაიდან ეს დავალიანება მათ მაინც “ეპატიებათ”,  მაშინ როდესაც სხვა ტელევიზიები  კეთილსინდისიერად იხდიან ყველა გადასახადს. რისკის ფაქტორი ეხლაც არსებობს. “რუსთავი 2”–ს, “იმედს” და სხვა რამდენიმე ტელეკომპანიას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული პირები ფლობენ. მფლობელების ბოლოდროინდელმა გადაადგილებამ ცხადყო, რომ საქართველოში სატელევიზიო სივრცე ისევ პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება. მომავალი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც ფლობენ რამდენიმე ტელეარხს და არაა გამორიცხული ამ ტელეარხებმაც ისარგებლონ საგადასახადო ამნისტიით. ამასთანავე საგულისხმოა, რომ “რუსთავი 2”–ის, “მზისა” და რამდენიმე სხვა ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ ისინი აიძულეს დაეთმოთ ტელეკომპანიები და ეხლა უკან ითხოვენ მათ.

ვფიქრობთ, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მედიის მიმართ დამოკიდებულება და შეწყვიტოს მედიასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გარკვეულ ტელევიზიებს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.  მნიშვნელოვანია ხელისუფლების ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე  იყოს, განსაკუთრებით ეხლა როდესაც არის საშიშროება რომ მედია სექტორი პოლიტიკური გარიგებების საგანი გახდეს. მიგვაჩნია, რომ  ამ სფეროში პოლიტიკური ჩარევა ყოველთვის აფერხებდა აღნიშნული სექტორის განვითარებას საქართველოში.

Media