აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა
22 ივნისს, პოლიციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია არ ჩაატარებინა და მოქალაქეებს გამოხატვის უფლება შეუზღუდა. პოლიციელებმა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა (მოგვიანებით მოქალაქეებს უთხრეს, რომ ისინიც შსს-ს წარმოადგენდნენ) მოქალაქეებს, რომლებიც გონიოში მიწების საკუთრებასთან დაკავშირებით აქციას ჯერ ბათუმის საკრებულოსთან, შემდეგ აჭარის მთავრობასთან მართავდნენ, კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს, ჩამოართვეს ლეიბები, რომელთა გაფენასაც მოქალაქეები გაზონზე აპირებდნენ, ერთი მოქალაქე კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციამ აქციის მონაწილე კიდევ ორი პირი დააკავა აქციის ადგილზე კარვების გაშლის მცდელობისთვის. პარალელურად, პოლიციამ ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარავიც დაშალა.
პროტესტის მიზეზი წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს გონიოს ტერიტორიაზე 300-მდე მეტი ოჯახისთვის მიწის უკანონოდ წართმევა იყო. ამ დროის განმავლობაში მოქალაქეები უშედეგოდ ცდილობდნენ მათი დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენას. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკითხის შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ 2014 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისათვის კანონით 3 თვიანი ვადაა განსაზღვრული, საკრებულოს მხრიდან დღემდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ბოლო დაპირების მიხედვით, საკითხი 21 ივნისს უნდა გადაწყვეტილიყო.
საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გონიოს მიწებთან დაკავშირებით მთავრობამ მოქალაქეებს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, თუმცა მოსახლეობა არ დათანხმდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მთავრობას გონიოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის შეთავაზება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამისთვის საკმარისი დროც ჰქონდა და რესურსი.
პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის ფორმა აშკარად შეიცავდა კანონსაწინააღმდეგო ნიშნებს:
-
სამართალდამცვი ორგანოების ზოგიერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა ფორმის გარეშე, მათ არ წარუდგინეს თავი მოქალაქეებს. რთული იყო იმის დადგენა, თუ რა სტატუსით იმყოფებოდნენ ეს პირები აქციის ჩატარების ადგილას;
-
სამართალდამცავ ორგანოებს არ ქონდათ უფლება ხელი შეეშალათ აქციის მონაწილეებისთვის, გაეშალათ კარავი ,მოეწყოთ აქციის ორგანიზებისათვის საჭირო გარემო, რადგან აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ არც გზის სავალი ნაწილი, არ მოუხდენიათ შენობის შესასვლელის ბლოკირება, ხელი არ შეუშლიათ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული პირებისთვის, მათ არც საზოგადოებრივი წესრიგი დაუღვევიათ. საპროტესტო აქციის გამართვის აკრძალვით დაირთვა გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაადასტურა, რომ პოლიციის მიერ დაკავებულ მოქალაქეს არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, დანარჩენი ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანამდე მოწმეთა დაკითხვის მიზნით, კიდევ ერთი სხდომა დაინიშნა. ასევე მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლების შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ სათანადოდ დაცვა. ამასთან, ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისია ვალდებულია მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და 4 წლის განმავლობაში გაჭიანურებულ საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნების უქონლობა კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს მდგომარეობას და შექმნის საფრთხეს, რომ პროცესმა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს.
