„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. თბილისის უბნებს ორგანიზაცია აკვირდებოდა 373 სტაციონარული დამკვირვებლის მეშვეობით. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, თბილისში საარჩევნო პროცესებს 15 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს. თბილისის გარეთ ორგანიზაცია ქვეყნის 5 რეგიონის 29 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში 25 მობილური ჯგუფის მეშვეობით ადევნებდა პროცესებს თვალს.
ქვემო ქართლში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა). „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეგიდით აკვირდებოდა არჩევნებს.
ზოგადი შეფასება
კენჭისყრის დღემ, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნები, ძირითადად, დროულად გაიხსნა და კენჭისყრის დაწყების პროცედურებიც კანონის შესაბამისად წარიმართა. საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტაციით. არ დაფიქსირებულა ბიულეტენების გატაცების ან ბეჭდების დაკარგვის ფაქტი.
გამონაკლისს წარმოადგენდა მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 უბანი, საიდანაც დილის საათებში მოხდა საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცება. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე.
საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა წესრიგის დაცვას. სპეც უბნებზე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, არ ყოფილა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. საარჩევნო უბანზე აგიტაციის ფაქტებიც ნაკლებად ფიქსირდებოდა.
კვლავაც შეიმჩნეოდა ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა არაოფიციალური რეგისტრაციის მცდელობა, რაც თავისთავად არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, თუმცა გამოიკვეთა, როგორც ტენდენცია. გარკვეული პრობლემები იყო საარჩევნო სიების მხრივაც.
კენჭისყრის დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქვეყნის მასშტაბით 30-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა აქვს დაფიქსირებული. ჩვენს მიერ დაიწერა 16 საჩივარი. ზოგიერთი ოლქი – მაგალითად, მარტვილი და ზუგდიდი – დარღვევების რაოდენობითა და დაძაბულობით გამოირჩეოდა. მიუხედავად დაფიქსირებული დარღვევებისა უმეტესობას ჰქონდა ტექნიკური ხასიათი და მათ არ შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ტენდენციები:
1. საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები
დაახლოებით 300 უბანზე 350-მდე ამომრჩეველს პრობლემა შეექმნათ სიებთან დაკავშირებით. ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარი თავის მოძებნას სიებში.
2. ხმის მიცემა მარკირების პროცედურების დარღვევით (5 უბანი)
მარტვილის საარჩევნო ოლქის #8, #14, #15 #18 და #20 უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი მოწყობილობა და რამდენიმე საათის განმავლობაში მოქალაქეები ხმას აძლევდნენ პროცედურების დარღვევით.
3. დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტები (3 უბანი)
საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მხრიდან დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები ფოთის მ#4, ხელვაჩაურის #30 და სამტრედიის #41 უბნებზე დაფიქსირდა.
4. გადასატან ყუთების სიებში უზუსტობების პრობლემა (2 უბანი)
2 უბანზე გამოიკვეთა მსგავსი პრობლემები. მთაწმინიდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე და გადასატანი ყუთით ხმის მიცემა მოხდა ისეთი ბიულეტენებით, რომლებზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. ისნის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 14 ადამიანიდან 10 ადამიანის შესახებ არასწორი მონაცემები იყო შეტანილი და ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ყუთის დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთით კენჭისყრის ხელახლა ჩატარების შესახებ გასწორებული მონაცემებით.
5. კენჭისყრა პროცედურების სხვა დარღვევები (2 უბანი)
ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #42 უბანზე ერთ-ერთ ოთახში აღმოჩნდა ბიულეტენები. მიღება-ჩაბარების აქტი უბანზე შევსებული არ იყო. სამგორის საარჩევნო ოლქის #79 უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან 3 საათში აღმოაჩინეს, რომ უბანზე #117 უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა ხმის მიცემა. ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები 2 უბანზე.
6. ხმის მიცემა არასათანადო დოკუმენტაციით (2 უბანი)
კრწანისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანსა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე ხმის მიცემა მოხდა არასათანადო დოკუმენტაციით.
7. ზეწოლა ამომრჩევლებზე (1 უბანი)
ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #8 უბნის ეზოში სოფლის რწმუნებული და „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტები აგიტაციას ეწეოდნენ უბნის ეზოში და ემუქრებოდნენ ამომრჩეველს, თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდნენ ხმას, სოციალური დახმარება მოეხსნებოდათ. ამასთანავე, ეს პირები აგრესიულად ექცეოდნენ დამკვირვებლებს და უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს.
8. ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მცდელობა (2 უბანი)
ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე და მარტვილის საარჩვენო ოლქის
#16 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა.
9. საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების კვალიფიკაცია და მათ მიერ საარჩევნო პროცესის წარმართვა
გარდაბნის საარჩევნო ოლქის #25 უბანზე კომისიის მხოლოდ ორი წევრი იყო ადგილზე. უცხო პირები დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ უბანზე, არ ხდებოდა მარკირების შემოწმება. კომისიის წევრების განმარტებით ისინი გვერდზე ოთახში სადილზე იყვნენ გასულები.
10. ხმის დათვლის პროცედურების ჩაშლა
„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა შტაბმა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის სარჩევნო ოქლის სოფელ ახალსოფლის #36-ე უბანზე შეიჭრა შავებში ჩაცმული, 15 ნიღბიანი პირი. თავდაპირველი ვერსიით ეს ადამიანები შეეცადნენ ხმის დათვლის პროცედურის ჩაშლას, რადგანაც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ უბანზე აგებდა არჩევნებს. კომისიამ შეძლო პოლიციასთან დაკავშირება და 15–ვე თავდამსხმელი დააკავეს. სავარაუდო თავმდასხმელები გადაიყვანეს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის სამმართველოში. აქვე გამოჩდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გიგა ბოკერია და ნუგზარ წიკლაური. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ღამის 4 საათისთვის ყველა დაკავებული გაიყვანეს და, როგორც ითქვა, გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის ორი, ლევან თორია და ტატო ლაგვილვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერები არიან.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატმა კახა მიქაიამ. მისი თქმით, შეჭრილი ადამიანების ნაწილი შეგნებულად გეგმავდა პროვოკაციებს. მიქაიას ინფორმაციით, მათ თან ცესკოს ბეჯები ჰქონდათ. განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა საოლქო საარჩევნო კომისიამ. ახალსოფლის #36 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ალა წურწუმიამ განაცხადა, რომ კენჭისყრის ოთახში არავითარი დაპირისპირება, ხელის შეშლის – შეჭრის და ფანჯრების ჩამსხვრევის ფაქტი არ მომხდარა, ხმაური კი გარეთ იყო. მისივე თქმით, უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გამგებლობის კანდიდატი იგებს ხმათა უმრავლესობით.
იგივე ინფორმაცია მოგვაწოდა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც საკმაოდ გვიან 6 საათისთვის მოვიდა საოლქოში. მან განაცხადა, რომ 34 ხმით იგებს ამ უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გარეთ მომხდარ ინციდენტზე არაფერი არ იცოდა. უბანზე მყოფი დამკვირვებლებიც იგივეს ამბობენ.
პარალელური დათვლის შედეგები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტაციონარული დამკვირვებლები თბილისის მასშტაბით 373 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი და ათივე ოლქი დაფარეს. უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ თბილისში განხორციელებულული პარალელური დათვლის შედეგებს, როგორც მერობის კანდიდატების, ასევე პროპორციული სიების მიხედვით. აღნიშნული მონაცემების ცდომილების ზღვარი 0.5 პროცენტია.
პროპორციული არჩევნების შედეგები
თბილისის მერის არჩევნების შედეგები
რეკომენდაციები
- სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიძიონ კენჭისყრის პროცედურებისთვის და საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის ყველა ფაქტი. მნიშვნელოვანია დადგეს ყველა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი რომლებმაც ხელი შეუშალეს საარჩევნო პროცესს.
- ცესკოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ცესკოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. მიუხედავად იმისა რომ ერთობლიობაში ცესკოს წარმომადგენლებმა ადგილებზე თავი გაართვას საარჩევნო პროცესს, იყო შემთხვევები როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გარკვეული ცოდნა არ ჰქონდათ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით.
- საარჩევნო სიების დახვეწა. მნიშვნელოვანია, შესაბამისმა სამსახურებმა საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატაროს. მიზანშეწონილია ბიომეტრიული სიების შექმნა რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიების ხარისხს.
