„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აინტერესებს, კონკრეტულად რა ნაწილებში არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა აშშ–ს ადამიანის უფლებათა ანგარიშს
13 აპრილი, 2011
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებათა ანგარიშის გამოქვეყნებას.
სასამართლოს დამოუკიდებლობა და შერჩევითი სამართალი, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა, დევნილთა უფლებები, მედიის თავისუფლება, ბიზნესის მფლობელების გამჭვირვალობა და სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ ის საკითხებია, რომლებიც ანგარიშშია მოცემული და რომლებზეც არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები აქამდეც საუბრობდნენ. ვთვლით, რომ ამ საკითხების გადაჭრას მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ანგარიშის შეფასებისას განაცხადეს, რომ დოკუმენტში არის ნაწილები, რომლებსაც არ ეთანხმებიან. სასურველია, საქართველოს ხელისუფლებამ დააკონკრეტოს, თუ რა საკითხებში არ ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებებს. ეს კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოწოდება, სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფო პოლიტიკისა და რეფორმების დაგეგმვის პროცესში მეტი ჩართულობისკენ, უპასუხოდ არ დარჩება.