“ეს შენ გეხება” განცხადება
30 მარტი, 2012
კამპანიის “ეს შენ გეხება” მონაწილეები მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს და განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარვადგენთ
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
კოლეგებო, მეგობრებო და გულშემატკივრებო,
გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, მათ წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და ექსპერტებს, რომლებმაც რაიმე წვლილი შეიტანეთ კამპანიის “ეს შენ გეხება” წარმართვაში.
დიდი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინც ხელი მოაწერეთ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნით მომზადებულ პეტიციას, მათ, ვინც რაიმე ფორმით ჩართული იყავით საარჩევნო კანონმდებლობის გაუბჯობესების პროცესში, ვინც ინტელექტუალური თუ ადამიანური რესურსით დაგვეხმარეთ.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს კამპანიას “ეს შენ გეხება”-ს მიმართ და ჩართულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საქმეში.
თავს ვალდებულად ვთვლით, ჩვენს ყველა მხარდამჭერსა და თანამონაწილეს წარმოუდგინოთ:
- კამპანიის პირველი ეტაპის ამსახველი მოკლე ქრონოლოგიური ანგარიში;
- კანონის „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” დღეს არსებული ვარიანტისა და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან მიღწეული შეთანხმების შედარებითი ანალიზი;
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან შეთანხმება სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მოქმედებით მიღწეული წინგადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებთ, პარლამენტი "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის განხილვის ყველა ეტაპზე მთლიანად გაითვალისწინებს სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებულ დებულელებს და სრულად ასახავს მათ კანონის სახეცვლილ ვერსიაში.
აქვე გაცნობებთ, რომ კამპანია განაგრძობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას და საქმიანობის მეორე ეტაპზე მეტწილად ფოკუსირებული იქნება კონტროლის პალატის საქმიანობის მონიტორინგზე და საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე.
სრული ინფორმაცია კამპანიის მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.esshengexeba.ge/; http://www.facebook.com/esshengexeba