ENG

ქართული ტელე-რადიო კომპანიების მესაკუთრეები გამოვლინდა

07 მარტი, 2012

ავტორი: ლაშა გოგიძე

ეს განცხადება განახლდა 2 აპრილს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ყველა იმ იურიდიული და ბენეფიციარი მესაკუთრის მონაცემები შეკრიბა, რომლებიც საქართველოში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები არიან. სამაუწყებლო მედია - რადიო და ტელევიზია, კვლავაც რჩება ინფორმაციისა და გართობის მთავარ წყაროდ ბევრი ქართველისთვის. ასევე, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ არხების სარედაქციო პოლიტიკა მათ მესაკუთრეთა ან დონორთა გავლენის ქვეშ მოექცეს. 2011 წლის ბოლომდე, ისეთ დიდ ქართულ ტელეკომპანიებს, როგორიცაა „რუსთავი 2“ და „იმედი“ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები ფლობდნენ და მათი ოფიციალური მფლობელების ვინაობა უცნობი რჩებოდა. ამავდროულად, სატელევეზიო ახალი ამბები და გადაცემები კვლავაც პოლიტიკურად პოლარიზებულია.

ამის გათვალისწინებით, ტელე-რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რათა უკეთესი წარმოდგენა შეექმნას თუ ვინ ფლობს და ვინ აფინანსებს ამა თუ იმ სამაუწყებლო საშუალებას.  

2011 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო რიგი ცვლილებებისა მაუწყებლობის შესახებ კანონში, რათა გაუმჯობესებულიყო კერძო სამაუწყებლო კომპანიების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონმა აკრძალა ოფშორული კომპანიების მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიებში წილების ფლობა და მოსთხოვა სამაუწყებლო კომპანიებს მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მმართველების შესახებ ინფორმაცია წარადგინონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (მარეგულირებელი). უფრო მეტიც, მაუწყებლები ასევე ვალდებულნი არიან მარეგულირებელს მიაწოდონ მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია.

კერძო მაუწყებლებს აღნიშნული შესაბამისობის დეკლარაციები მარეგულირებლისათვის 2012 წლის 1 იანვრამდე უნდა წარედგინათ. უმეტესობა დაემორჩილა კანონის მოთხოვნას და მარეგულირებელმა ამ კომპანიების მესაკუთრეთა შესახებ მონაცემები თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აკვირდება, თუ როგორ ასრულებენ სამაუწყებლო კომპანიები კანონის ახალ მოთხოვნებს და რა დოზით არის წარმოდგენილი სავალდებულო ინფორმაცია მათი საკუთრების დეკლარაციის ფორმებში.

ყველა აღნიშნული დეკლარაციის ნახვის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ:

  • კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის 81 მფლობელიდან 7 მარტის მდგომარეობით ხუთ მათგანს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია შესაბამისობის დეკლარაციები;

  • გამოქვეყნებული დეკლარაციები არ არის წარმოდგენილი იმ ფორმით, რომ მომხმარებლისთვის იოლი იყოს მათი გამოყენება. მარეგულირებელმა გამოაქვეყნა სკანირებული დოკუმენტები, რომელიც რთულს ხდის მონაცემთა შედარებასა და ანალიზს;

  • 13 დეკლარაცია ხელით არის შევსებული, ზოგიერთი მათგანი ბუნდოვანი კალიგრაფიით, რაც ართულებს დაწერილის მკაფიოდ წაკითხვას;

  • 6 დეკლარაცია არ შეიცავს მათ მესაკუთრეთა პირად საიდენტიფიკაციო ნომერს;

  • 4 დეკლარაცია სრულ ინფორმაციას არ წარმოადგენს ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და ასეთი მესაკუთრეების სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გადაწყვიტა ამ ინფორმაციის უკეთ წარმოდგენა საზოგადოებისათვის და შექმნა მონაცემთა სია, რომელიც მარეგულირებლის ვებ–გვერდზე არსებულ ინფორმაციას კითხვისა და ანალიზისთვის სასარგებლო კატეგორიებად ჰყოფს სასურველ ფორმატში. უფრო მეტი დეტალის წარმოსადგენად, საჭიროების მიხედვით, ამ ინფორმაციას საჯარო რეესტრიდან აღებული მესაკუთრეთა შესახებ მონაცემები დავუმატეთ. გაერთიანებული მონაცემების ანალიზი ახლა უკვე ადვილად შესაძლებელია. ასევე იოლია ამ მონაცემთა განახლება იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა სიაში ჩამოთვლილი კერძო მაუწყებლების მმართველობისა და საკუთრების სტრუქტურა.  

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია Google დოკუმენტში.

ბოლო განახლება: 2 აპრილი

16 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (მარეგულირებელი) გამოაქვეყნა გამაფრთხილებელი განცხადება სანქციის ფორმით იმ ხუთი კერძო სამაუწყებლო კომპანიის მიმართ, რომლებმაც მარეგულირებელს არ წარუდგინეს თავისი საკუთრების დეკლარაციები დადგენილ ვადაში (2012 წლის 1 იანვრამდე). ეს კომპანიები არიან:  „აფხაზეთი TV“, „ევროპა პლუს თბილისი“, „კორტესი-გიდაგო“,„სპექტრი“ და „ფოლკ-რადიო“. თავის განცხადებაში, მარეგულირებელი მოითხოვდა აღნიშნული კომპანიებისგან პრობლემის მოგვარებასა და მათი საკუთრების მონაცემების გამოქვეყნებას გაფრთხილებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. ყველა კომპანია დაემორჩილა აღნიშნულ მოთხოვნას „აფხაზეთი TV“-ის გარდა. ამ უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, განახლებული სია იხილეთ ქვემოთ.

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Media