განცხადება პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე

16 მარტი, 2012

14 მარტის ჩვენი ბლოგის საპასუხოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დროულად გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა საკუთარი შემოსავლების შესახებ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორივე პოლიტიკურ გაერთიანებას.

როგორც გაირკვა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 278 442.50 ლარი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული საოფისე ფართის რეალიზაციის შედეგად მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პარტიის აუდიტორულ დასკვნაში არის მითითებული, რაც მისასალმებელი ნაბიჯია და პოლიტიკური პარტიების ფინანსების ღიაობას უწყობს ხელს.

რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ორგანიზაციამ გამოგვიგზავნა საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას 30 000 ევრო საქართველოსა და უცხოეთში გამართული სემინარებიდან აქვს მიღებული.

ზემოთქმულის მიუხედავად, კვლავ რჩება ხარვეზი კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ფინანსური დეკლარაციის ფორმაში და პოლიტიკური გაერთიანებების შემოსავლების ამჟამინდელი კატეგორიები ამომწურავ ინფორმაციას ვერ იძლევა. მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონტროლის პალატის მიერ „სხვა შემოსავლების“ დაკონკრეტება.

გარდა ამისა, კვლავ აღმოსაფხვრელია პარტიების ფინანსურ დეკლარაციებთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც, რომელთა შესახებაც წარსულშიც ვწერდით. კერძოდ:

  • ფინანსური დეკლარაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ცუდი ხარისხითაა ატვირთული და რელევანტური ინფორმაციის სრულად მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზიანი ინფორმაციის დიდი ნაწილი განახლებულია, გარკვეული ინფორმაცია მაინც არ ჩანს და სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. კერძოდ, არ იკითხება შემომწირველთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და სხვა მონაცემები;
  • უგულებელყოფილია კანონის საჯაროობის მოთხოვნა და დაფარულია შემომწირველი ფიზიკური პირების მისამართები.

მოვუწოდებთ საქართველოს კონტროლის პალატას, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობა და შეასრულოს საჯაროობის შესახებ კანონის მოთხოვნები.

დანართის სახით იხილეთ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია.

elections