ENG

კონტროლის პალატის მიერ დაფარული საჯარო ინფორმაცია

14 თებერვალი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგს ახორციელებს, რისთვისაც პოლიტიკური პარტიების და სხვა სახის პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურ საქმიანობას იკვლევს.

საქართველოს კონტროლის პალატამ 2012 წლის 9 თებერვალს გამოაქვეყნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების 2011 წლის ფინანსური ანგარიშები. წინა წლებისაგან განსხვავებით, ანგარიშები ერთგვაროვანი ფორმებით არის წარდგენილი. ეს ფორმები კონტროლის პალატამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად მიიღო. ეს ფაქტი პარტიების ფინანსური დეკლარაციების გამჭვირვალობისა და მეტი ანგარიშვალდებულების მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ხარვეზიანია და ჩვენ გამოქვეყნებული ანგარიშების სრულფასოვან ანალიზს ვერ ვახერხებთ. კერძოდ:

- ფინანსური დეკლარაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ცუდი ხარისხითაა ატვირთული და რელევანტური ინფორმაციის სრულად მიღება ფაქტობრივად, შეუძლებელია

- არ იკითხება შემომწირველთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და სხვა მონაცემები. კონტროლის პალატის განცხადებით, ეს ხარვეზი პარტიების მიერ ინფორმაციის მცირე ზომის შრიფტით წარდგენის ბრალია და პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.

- ფინანსურ დეკლარაციებში დაფარულია შემომწირველი ფიზიკური პირების მისამართები. კონტროლის პალატის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები პარტიების თხოვნით დაიშტრიხა, რამდენადაც ადრე მათი მითითება სავალდებულო არ იყო.

ორგანული კანონი ცალსახად ადგენს (და ადგენდა) შემომწირველი ფიზიკური პირების მისამართის და შემოწირულებებთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაციის საჯაროობას. ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომოზაბე პასუხისმგებელია საქართველოს კონტროლის პალატა (ცვლილებებამდე ეს ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა).

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატა უმოკლეს დროში აღმოფხვრის ამ პრობლემებს, დაიცავს კანონით დადგენილი მონაცემების საჯაროობის წესს და პარტიების ფინანსურ დეკლარაციებში შესულ ინფორმაციას სრულად გამოაქვეყნებს.

თანდართულ დოკუმენტებში გთავაზობთ პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ იმ ინფორმაციას, რომლის გადამუშავებაც ამ მომენტისთვის მოხერხდა. კერძოდ,

- იმ აუდიტორულ კომპანიათა ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იყენებენ პოლიტიკური გაერთიანებები;

- ფინანსური ანგარიშგებები ექსელის ფორმატში (მხოლოდ ის ნაწილი, რომლის წაკითხვაც მოხერხდა).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევის ფარგლებში შეაფასებს მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოიპოვეს მანდატები. დამატებით ანალიზს ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების შემდეგ შემოგთავაზებთ.

elections