ENG

კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრების პასუხი დავით ბაქრაძეს

07 მარტი, 2012

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  კიდევ ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას  და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ,  მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, მისასალმებელია, თუმცა გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვების თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე,  პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნაზე,  მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის (მათ შორის სამწარმეო საქტორისთვის) კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე.  

 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:

  • გაუქმდეს  ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს;
  • დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს  პარტიისათვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც განცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევენ ხარჯებს;
  • განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფალი მანიპულირების საშუალება;
  • დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, განისაზღვროს სასამართლოს როლი იმისათვის, რომ ქონების დაყადაღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე;
  • შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა პირებისთვის; 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე აუცილებელია საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა საარჩევნო გარემოს შეფასება-მონიტორინგის პროცესში ჩაერთონ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები  და  პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბარ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება. საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყურადღება გავამახვილოთ  ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, თუმცა, ვაგრძელებთ მუშაობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო სხვა საკითხებზე.


საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)  და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა.

elections