განცხადება სოფელ ჭოგნარში ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით, ახორციელებს ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე. პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტის მიერ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს მოსახლეობისგან მიწების გამოსყიდვა.
„საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუკავშირდნენ სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები და ითხოვეს დახმარება. სამართლებრივ საკითხებში გაუთვითცნობიერებული მოსახლეობა დააბნია მიწის გამოსყიდვის მიმდინარე პროცესებმა. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ადგილზე შეხვდნენ მიწის მფლობელებს, გააცნეს მათ საკუთარი უფლებები და განუმარტეს მათ კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურებიც.
მოქალაქეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოცემული იყო სოფელ ჭოგნარის მოსახელობისაგან მიწების გამოსყიდვის პროცესში არსებული ძირითადი პრობლემები. განცხადებას მოჰყვა გარკვეული გამოხმაურება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონალური მედია საშუალებების მხრიდან. ორგანიზაციის იურისტები ასევე შეხვდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რა დროსაც დეტალურად განიხილეს არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ამას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან მოჰყვა ადექვატური რეაგირება და დროულად აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები. ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გატარდა ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელოვნად ამაღლებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება ასეთ დამოკიდებულებას საჯარო დაწესებულებების მხრიდან და იმედს გამოთქვამს, რომ სადავო საკითხები მომავალშიც მოლაპარაკების გზით გადაიჭრება.