განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციების თაობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციების თაობაზე

20 მარტი, 2012

კამპანიის „ეს შენ გეხება“  მონაწილეები დადებითად ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების  და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს  შორის გარკვეულსაკითხებზე მიღწეული შეთანხმების ფაქტს  და პარლამენტის მზაობას  გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმების თანახმად:

  • კანონში აღარ იარსებებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება;
  • პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის  გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს დაუწესოს შეზღუდვები;
  • დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც გავრცელდება პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები;
  • ამომრჩეველს აღარ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო;
  • პირს არ შეეზღუდება სამეწარმეო საქმიანობა თუ ის უშუალოდ არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს;
  • კონტროლის პალატას აღარ ექნება ქონებაზე ყადაღის ერთპიროვნულად დადების უფლება. ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ სადაო თანხას/ქონებას და ისიც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
  • შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა;
  • „პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ“ კანონის დარღვევისთვის აღარ გაუქმდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ  მიღწეული შეთანხმება სრულად იქნება ასახული პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში და გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან  საარჩევნო გარემოს გაუმჯებესებისთვის  და  კანონმდებლობის დასახვეწად.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის სათანადო აღსრულება, კონტროლის პალატის მოქმედება მკაცრად რეგულირებულ ჩარჩოებში, რათა გამოირიცხოს  კანონდარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობა. 

„ეს შენ გეხება“-ს  მონაწილეები აღნიშნულ შეთანხმებას განიხილავენ  როგორც არასამთავრობო სექტორის, მედიის და  მოქალაქეთა  ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის  შედეგს.

მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი წარმატებული ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი აქტიურობა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის. 

elections